ახალი ამბები

„სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან?“ — პოლონელი დეპუტატი მთავრობას აკრიტიკებს

10 ივლისი, 2020 • 1209
„სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან?“ — პოლონელი დეპუტატი მთავრობას აკრიტიკებს

პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს — სეიმის დეპუტატი და ვიცე-სპიკერი, მმართველი პარტიის, „კანონის და სამართლიანობის“ წევრი მალგორზატა მარია გოსიევსკა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ქართულ ენაზე აკრიტიკებს. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, პოლონეთიდან (და რიგი სხვა ქვეყნებიდან) საქართველოში ჩამოსულმა პირებმა 14-დღიანი კარანტინი საკუთარი ხარჯებით უნდა გაიარონ, ხოლო, ამავე დროს, საქართველომ 5 ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) მოქალაქეებს საზღვარი ყველანაირი შეზღუდვის გარეშე გაუხსნა.

რას წერს გოსიევსკა?

პოლონელ კანონმდებელს თავისი პოსტის დასაწყისში მოჰყავს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, „2019 წელს საქართველოს ესტუმრა 88.300 პოლონელი ტურისტი, (გერმანიიდან 89.051, საფრანგეთიდან 27.952, ლიეტუვიდან 22.381, ლატვიიდან 20.514, ესტონეთიდან 13,482). ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების 30% ფინანსურად დამოკიდებულია ტურიზმზე. არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რიცხვი აღწევს 70 %- ს“.

გოსიევსკას განცხადებით, ფინანსურ მოგებას ტურისტებისგან ნახულობენ არა მარტო სასტუმროები, არამედ სხვა სფეროების წარმომადგენლებიც — ტაქსის მძღოლები, სასურსათო და სუვენირების მაღაზიები, რესტორნები და მეღვინეები.

იგი ასევე წერს, რომ გერმანელი ტურისტების ჩამოსვლით სარგებელს მსხვილი კომპანიები ნახულობენ, რისი გათვალისწინებითაც „რიგითი ქართველები აღმოჩნდებიან კიდევ უფრო დიდ სიღარიბეში, ვითარებიდან გამომდინარე, ვიდრე ამჟამად“.

სეიმის ვიცე-სპიკერი აგრეთვე ამბობს: „იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად არდადეგების პერიოდში უამრავი პოლონელი მიემგზავრება საქართველოში, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უშუალოდ ზიანს აყენებს პოლონურ ავიაკოპანია LOT-ს“ და დასძენს, რომ გადაწყვეტილება ვერ გამართლდება ეპიდემიოლოგიური ვითარებით, რადგანაც „ ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად გერმანიაში 500- ით მეტია, ვიდრე პოლონეთში (დაინფიცირებულთა რიცხვი: გერმანია 2441 , პოლონეთი 1914)“.

ბოლოში გოსიევსკა წერს, რომ „ეპიდემიის დროს პოლონეთმა საქართველო არ დატოვა დახმარების გარეშე და ივნისში, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვირუსთან საბრძოლველად პერსონალური დაცვის ეკიპირების სახით ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 183 ,000 ზლოტს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩნდება კითხვა, ვის ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა“.

მოგვიანებით, მის პოსტს გამოეხმაურა საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და განაცხადა, რომ „დღეს საქართველოს ავადობასთან დაკავშირებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს“ და „უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას“:

„რაც შეეხება კონკრეტულად პოლონეთს, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი გამოთქვამდა მზადყოფნას საქართველოსთვის კარანტინის გარეშე საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, სტატისტიკა რომ შევადაროთ, დღეს საქართველოს ავადობასთან დაკავშირებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და ეს არ არის უბრალო სიტყვები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. პოლონეთს დღეს საზღვრები გახსნილი აქვს უკრაინასთან, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა ფიქსირდება, 500-1000 შემთხვევაზე მეტი. პოლონეთში, სამწუხაროდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური ფონია. პოლონეთი კი არის მზად, რომ საქართველოს გაუხსნას საზღვარი, სადაც ავადობის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლონეთშია მაღალი ავადობა. ჩვენ თუ გვინდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას და მოქალაქეების ჯანმრთელობას, ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ ზონებს“, — განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორი ეპიდვითარებაა პოლონეთში და ხსნის თუ არა ვარშავა საზღვარს საქართველოსთვის

ერთ-ერთი პირობა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანასთან საზღვრის გასახსნელად საჭიროდ მიიჩნევენ, მეორე სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ იგივე შეზღუდვების დაწესებაა — მაგალითად, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებშიც ჩასვლის შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქეებს არ მოუწევთ კარანტინის გავლა, იზოლაციაში ყოფნა არ მოუწევთ არც საქართველოში — ამ პირობით საქართველომ 5 ქვეყანასთან გახსნა საზღვარი.

თუმცა პოლონეთს ჯერჯერობით არ აქვს მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება, შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩასვლას, როგორც კარანტინის გავლის, ასევე მის გარეშე.

რაც შეეხება ვითარებას პოლონეთში, ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩარდა და ცოტა ხანში იგეგმება მეორეც. პირველი ივლისიდან კი დღიური შემთხვევების რაოდენობა 400-ზე მეტი არასდროს ყოფილა და საშუალოდ დაახლოებით 300-ია, ივნისის შუა რიცხვების შემდეგ კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ადგილი აქვს შემთხვევების კლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი