ახალი ამბები

არ დაუშვათ კანონპროექტების დაჩქარებულად მიღება – მაგთის, კავკასუსისა და სხვების მიმართვა პარლამენტს

9 ივლისი, 2020 • 1791
არ დაუშვათ კანონპროექტების დაჩქარებულად მიღება – მაგთის, კავკასუსისა და სხვების მიმართვა პარლამენტს

[yellow_box]Content[/yellow_box]

ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში“ კომუნიკაციების კომისიას განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებს – ნათქვამია “კავკასუსის”, “მაგთისა” და კიდევ 6 ტელესაკომუნიკაციო კომპანიის ერთობლივ განცხადებაში.

ისინი საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, ასევე, თავად კომისიას მიმართავენ და საუბრობენ როგორც ზემოაღნიშნული კანონპროექტის, ისე “მაუწყებლობის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების ხარვეზებზე.

ერთი კანონპროექტი კომუნიკაციების კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სუბიექტებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, მეორე კი ამბობს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება მის შეჩერებას არ გამოიწვევს.

ხელმომწერთა თქმით, კანონპროექტი “ელექტრონული კომუნიკაციების კანონში” შესატან ცვლილებებზე ავტორიზებული პირების   ფუნდამენტურ უფლებებს ეხება და მათი ამ ფორმით მიღება მნიშვნელოვნად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მათ სამომავლო საქმიანობაზე.

კომპანიების განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ მიმდინარე წლის პირველ ივლისს საქართველოს კომუნიკაციების კომისიასთან გამართული ინფორმაციული ხასიათის ონლაინ შეხვედრიდან შეიტყვეს. როგორც წერენ, კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ მათ უთხრა, რომ ეს იყო არა უშუალოდ კომისიის, არამედ მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები.

“მიუხედავად შეხვედრისას დასმული კითხვებისა და მოთხოვნისა, კომისიას ჩვენთვის გაეზიარებინა კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული სამუშაო მასალები, კომისიისგან მივიღეთ უარი იმ მოტივით, რომ ვინაიდან კომისია თავად არ იყო საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი, არ ფლობდა კანონპროექტის საბოლოო რედაქციას და არც რაიმე სხვა დამატებით ინფორმაციას მასთან დაკავშირებით”, – წერენ კომპანიები.

მათივე თქმით, მიიღეს დაპირება, რომ დაინტერესებულ მხარეებს კანონპროექტის გაცნობის საშუალება მიეცემოდათ და იქნებოდა განხილვებიც, თუმცა კანონპროექტები მხოლოდ 6 ივლისს, პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ნახეს ისე, რომ საკუთარი მოსაზრებების გაზიარების საშუალებაც არ მისცემიათ ინიციტორთათვის.

“ჩვენთვის მხოლოდ 6 ივლისს გახდა ცნობილი, რომ კომისიას არათუ არ მიუწვდებოდა ხელი კანონპროექტზე, არამედ თავად იყო საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი; სწორედ კომისიამ წარადგინა 2020 წლის 25 ივნისს მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი და ასევე, კომისიის თავმჯდომარე და წევრი წარადგენენ კანონპროექტს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე;

2020 წლის 25 ივნისს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ „მოწონებულ იქნა კანონპროექტები“ და მთავრობამ ამავე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში წარდგინების შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ კანონპროექტის საბოლოო რედაქცია ჯერ კიდევ 2020 წლის 25 ივნისს იყო კომისიისთვის ხელმისაწვდომი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომპანიები კომისიას ადანაშაულებენ არსებითი პრინციპების დარღვევაში, როგორიცაა კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპი, საქვეყნოობა და საჯაროობა. მათი თქმით, კომისია ცდილობს, კანონპროექტები დაჩქარებულად, განხილვის გარეშე შევიდეს ძალაში. ისინი მიმართვის ადრესატებს მოუწოდებენ, არ დაუშვას კანონპროექტების ამ ფორმით მიღება და უზრუნველყონ კანონპროექტების განხილვებში მათი ჩართულობა.

ავტორები ეჭვქვეშ აყენებენ მტკიცებასაც, რომლითაც კომისია აღნიშნული ცვლილებების საჭიროებას ასაბუთებს:

“გაურკვეველი და დაუსაბუთებელია კომისიის მხრიდან მითითება, რომ „კომისიის წინაშე მწვავედ დგას ის პრობლემა, რომ ცალკეულ შემთხვევებში კომისიის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების აღსასრულებლად კანონით დადგენილ სანქციებს ხშირად ეფექტი არ აქვს…“ და რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება გადაუდებელი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვითაა განპირობებული.

კომისიის საქმიანობის 2019 წლიურ ანგარიშში, რომელიც კომისიამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა, არსადაა მითითებული ასეთი გამოწვევების და პრობლემური საკითხების შესახებ, რომელთა დაუყოვნებლივ გადაჭრაც საკანონმდებლო ინიციატივას საჭიროებს. კომისიას საკანონდებლო ორგანო არ ჩაუყენებია საქმის კურსში, რომ მის რეგულირების სფეროს მიკუთვნებული საკითხის გადასაჭრელად საკანონმდებლო ორგანოს ჩარევა და ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანა იყო აუცილებელი”.

მიღების პროცედურებთან ერთად, სატელეკომუნიკაციო კომპანიებს არაერთი შენიშვნა აქვთ ცვლილებების შინაარსთანაც. მათი თქმით, კანონპროექტის მიზნობრიობა დაუსაბუთებელია და არ არის შესწავლილი კომისიის ხელთ უკვე არსებული მექანიზმები, ისევე როგორც კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები.

მათივე თქმით, არც კანონპროექტის მიმართებაა შეფასებული საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და არცერთ მათგანს ერთვის თან მათი მომზადების პროცესში გამოყენებული მასალები და მიღებული კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია.

“ამ ეტაპისათვის, ჩვენ მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული “სპეციალური მმართველის” ინსტიტუტის ანალოგი ვერ იქნა მოძიებული და ის არ მოიპოვება განვითარებული სატელეკომუნიკაციო ბაზრის მქონე სახელმწიფოების სატელეკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელ კანონებში…”

განცხადების ხელმომწერები ეჭვქვეშ აყენებენ ცვლილებების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთანაც: მათი აზრით, კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმები წარმოადგენს “გაუმართლებელ ჩარევას კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლების დაცულ სფეროში”. ისინი აღწერენ კანონპროექტში ნახსენები “სპეციალური მმართველის” ფართო უფლებამოსილებას, რის შემდეგაც დასძენენ:

“ფაქტობრივად, სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი მოკლებული იქნება შესაძლებლობას განახორციელოს რაიმე ქმედება და ყველა სახის უფლებამოსილებების განხორციელებისას სრულად იქნება დამოკიდებული კომისიის მიერ დანიშნული სპეციალურ მმართველის და უშუალოდ კომისიის თანხმობაზე”.

ხელმომწერთა თქმით, კანონპროექტის ინიციატორი ცვლილებების საჭიროებას “კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვით” ასაბუთებს, თუმცა “კანონპროექტის არცერთი ნორმა არ ეხება და არ განმარტავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

“ასეთი განმარტების არარსებობის პირობებში ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული იმის მტკიცება, რომ რეგულირება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ოპერატორებს შეეხება და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას ემსახურება.

დღეს საქართველოს საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, ვთქვათ რა არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ან განვსაზღვროთ ობიექტების/სუბიექტების ჩამონათვალი. ბუნდოვანია კანონპროექტის მიზანი და, შესაბამისად, ასევე, გაურკვეველია, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში ჩარევა რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება”, – წერენ კომპანიები.

სატელეკომუნიკაციო კომპანიები ამავე განცხადებით აკრიტიკებენ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებსაც, რომლის თანახმადაც მარეგულირებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება მის შეჩერებას არ გამოიწვევს. მათი თქმით, აუცილებელია, ორივე კანონპროექტი ერთ ჭრილში განიხილონ.

“კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებით, ერთი მხრივ, დაინტერესებულ მხარეს ერთმევა უფლების დაცვის ერთ-ერთი საპროცესო სამართლებრივი ბერკეტი, სასამართლოსგან მოითხოვოს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების ავტომატური შეჩერება; ხოლო, მეორე მხრივ, კანონპროექტი ანიჭებს კომისიას განუსაზღვრელ უფლებამოსილებას, რომ სავარაუდოდ კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების თეორიულად არსებობის პირობებშიც კი ჩაერიოს ავტორიზებული პირის საქმიანობაში, დანიშნოს სპეციალური მმართველი და შემდგომ გაასხვისოს ავტორიზებული პირის წილები/აქცია”, – ამბობენ ისინი.

განცხადებას ხელს აწერენ “კავკასუს ონლაინი”,  “მაგთიკომი”, “დელტა კომმი”, “ახალი ქსელები”, “სი–ჯი–სი”, “ახტელი”, “სისტემ ნეტი”, “ფოპტნეტი”.

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი