ახალი ამბები

თელავის საკრებულოს წევრი დააკავეს

8 ივლისი, 2020 • 1484
თელავის საკრებულოს წევრი დააკავეს

თელავის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, მიხეილ გრემელაშვილი, რომელსაც ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებდნენ, დააკავეს. გარდა ძალადობისა, მას ედავებიან მუქარას, ასევე, კალაშნიკოვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

სამართალდამცველებმა მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი