ახალი ამბები

ადვოკატის ცნობით, თეთრპერანგიანი კაცი იდენტიფიცირებულია და ის ბილანიშვილი არაა

8 ივლისი, 2020 • 1165
ადვოკატის ცნობით, თეთრპერანგიანი კაცი იდენტიფიცირებულია და ის ბილანიშვილი არაა

პოლიციაში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განმარტებით, ბილანიშვილი არც შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს იცნობს და არც იმ ღამეს ყოფილა შემთხვევის ადგილზე. ადვოკატის თქმით, ბილანიშვილის მიმართ სატელევიზიო ეთერით გახმიანებულ ბრალდებას პოლიტიკური კონტექსტი აქვს. ბილანიშვილი ბერა ივანიშვილის მეგობარია. ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის დაღუპვის ღამეს ბილანიშვილი სახლში იმყოფებოდა და აქვს ამის დამადასტურებელი ალიბი.

გუშინ, 7 ივლისს, მთავარმა არხმა კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმე გურამ ამირხანაშვილს, მას შემდეგ, რაც ტოიოტა ქემრის მანქანით თბილისში ჩამოიყვანენ, ერთი უცნობი პირი ხვდება. მთავარი არხის ცნობით, შესაძლოა, ეს ადამიანი იყოს ავთანდილ ბილანიშვილი, რომელსაც არხი ამ საქმის ფიგურანტი ბრალდებულების სავარაუდო მფარველს უწოდებს.

ბილანიშვილის ადვოკატის თამარ აბესაძის ინფორმაციით, პოლიციამ დაადგინა იმ თეთრპერანგიანი კაცის ვინაობა, რომელიც კადრებში ჩანს და მასაც გამოკითხავენ.


ავთანდილ ბილანიშილი, რომელიც დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიციაში, აცხადებს, რომ დაკავებულ რაგბისტებთან მეგობრული ურთიერთობა არ აქვს.

როგორც ბილანიშვილი ტვ პირველთან სატელეფონო საუბარში ამბობს, მან შაქარაშვილის გარდაცვალების თაობაზე მედიიდან შეიტყო. ის უარყოფს, რომ კადრებში თვითონ ფიგურირებს და აცხადებს, რომ დაკავებულებთან შეხება არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს რომელიმეს “გამარჯობით იცნობდეს”.

“ახლო ურთიერთობა არ მაქვს, [ეს ლაპარაკი რომ წავიდა] ნიკა ჟვანიაზე მითხრეს, როცა ვიკითხე რომ შეიძლება იცნობდე, შეხვედრილი ხარო, ისე რომ მეგობრობა ან ახლო ურთიერთობა მქონდეს –  არც ერთთან. უბანია და გამარჯობით შეიძლება ვიღაცას ვიცნობდე”, – აცხადებს ბილანიშვილი და დასძენს, რომ მისი მეგობარი არც ერთი არაა.

შსს-ში ამბობენ, რომ მათ ბილანიშვილი გამოკითხვაზე მედიაში გავრცელებული ცნობების საფუძველზე დაიბარეს და გამოკითხვაზე დაბარება არ ნიშნავს, რომ შსს-მ კადრებიდან მისი იდენტიფიცირება მოახდინა, რის თაობაზეც მათ მოუწოდა ნიკა გვარამიამ.

გაიგეთ მეტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი