ახალი ამბები

ბილანიშვილი დაკავებულებთან მეგობრობას უარყოფს

8 ივლისი, 2020 • 1622
ბილანიშვილი დაკავებულებთან მეგობრობას უარყოფს

ავთანდილ ბილანიშილი, რომელიც დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიციაში, აცხადებს, რომ დაკავებულ რაგბისტებთან მეგობრული ურთიერთობა არ აქვს.

როგორც ბილანიშვილი ტვ პირველთან სატელეფონო საუბარში ამბობს, მან შაქარაშვილის გარდაცვალების თაობაზე მედიიდან შეიტყო. ის უარყოფს, რომ კადრებში თვითონ ფიგურირებს და აცხადებს, რომ დაკავებულებთან შეხება არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომელიმეს “გამარჯობით იცნობდეს”.

“ახლო ურთიერთობა არ მაქვს, [ეს ლაპარაკი რომ წავიდა] ნიკა ჟვანიაზე მითხრეს, როცა ვიკითხე, რომ შეიძლება იცნობდე, შეხვედრილი ხარო. ისე, რომ მეგობრობა ან ახლო ურთიერთობა მქონდეს –  არცერთთან. უბანია და გამარჯობით შეიძლება ვიღაცას ვიცნობდე”, – აცხადებს ბილანიშვილი და დასძენს, რომ მისი მეგობარი არცერთი არაა.

ავთანდილ ბილანიშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

გუშინ, 7 ივნისს, მთავარმა არხმა კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმე გურამ ამირხანაშვილს, მას შემდეგ, რაც ტოიოტა ქემრის მანქანით თბილისში ჩამოიყვანენ, ერთი უცნობი პირი ხვდება. მთავარი არხის ცნობით, შესაძლოა, ეს ადამიანი იყოს ავთანდილ ბილანიშვილი, რომელსაც არხი ამ საქმის ფიგურანტი ბრალდებულების სავარაუდო მფარველს უწოდებს. ამ ბრალდებას უარყოფს ბილანიშვილის მეუღლე, რომელიც ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ბილანიშვილს, რომელიც ბერა ივანიშვილის მეგობარია, ამ საქმესთან არავითარი შეხება არ აქვს და ტელეკომპანია შაქარაშვილების ოჯახის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

შსს-ში ამბობენ, რომ მათ ბილანიშვილი გამოკითხვაზე მედიაში გავრცელებული ცნობების საფუძველზე დაიბარეს და გამოკითხვაზე დაბარება არ ნიშნავს, რომ შსს-მ კადრებიდან მისი იდენტიფიცირება მოახდინა, რის თაობაზეც მათ მოუწოდა ნიკა გვარამიამ.

გაიგეთ მეტი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი