ახალი ამბები

ბრაზილიის პრეზიდენტს COVID-19 დაუდასტურდა

7 ივლისი, 2020 • 1324
ბრაზილიის პრეზიდენტს COVID-19 დაუდასტურდა

ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ბოლსონარომ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში საუბრისას თავად განაცხადა.

როგორც CNN წერს, პრეზიდენტი გამოსვლისას პირბადეს ატარებდა და ჟურნალისტებს მისგან დისტანციის დაცვას მოუწოდებდა.

მედიასაშუალების ცნობით, 65 წლის ბოლსონაროს ახალი კორონავირუსის სიმპტომები ორშაბათს გამოუვლინდა, მათ შორის, 38 გრადუსი ტემპერატურა, რის გამოც COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარეს. კვლევის შედეგები კი დღეს გახდა ცნობილი.

CNN აღნიშნავს, რომ ბოლსონარო კორონავირუსს “პატარა გრიპად” მოიხსენიებდა და არაერთხელ გამოჩენილა საჯარო თავყრილობებზე პირბადის გარეშე. მედიასაშუალების თქმით, პრეზიდენტი არც სოციალური დისტანცირების წესებს უჭერდა მხარს და ქვეყნის სწრაფი “გახსნის” მომხრე იყო.

ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორეა, მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები უსწრებს. ვირუსმა ბრაზილიაში 65 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 1 623  284-ს აღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი