ახალი ამბებიგართობატექნოლოგიები

21-ე საუკუნის ყველაზე კაშკაშა კომეტა ბაზალეთის ცაზე [ფოტო]

7 ივლისი, 2020 • 18066
21-ე საუკუნის ყველაზე კაშკაშა კომეტა ბაზალეთის ცაზე [ფოტო]

ასტროფოტოგრაფმა დავით დვალმა “ჯეო-ასტროს” წევრებთან ერთად ბაზალეთის ცაზე NASA-ს მიერ მარტში აღმოჩენლი კომეტა NEOWISE გადაიღო.

როგორც “ჯეო-ასტროს” დამფუძნებელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, აღნიშნული კომეტა ყველაზე კაშკაშაა, რომლის დანახვაც 21-ე საუკუნეში დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით იყო შესაძლებელი და ის მზის სისტემას 4 500 წელიწადში ერთხელ სტუმრობს:

“ეს კომეტა, ოფიციალური სახელით C/2020 F3 NEOWISE, აღმოჩენილია სულ ახლახან, მარტის ბოლოს. აღმოაჩინა ნასას ამავე სახელწოდების კოსმოსში გატანილმა ტელესკოპმა. ეს კომეტა საკმაოდ იშვიათი სტუმარია მზის სისტემის და დაახლოებით 4 500 წელიწადში ერთხელ ბრუნდება ხოლმე. თუმცა სხვა ბევრი კომეტა ტრიალებს დედამიწის გარშემო, მათ შორის, ისეთი ცნობილი, როგორც ჰალეის კომეტა იყო, თუმცა ისინი დიდი ხანია აღარ ყოფილან. 21-ე საუკუნეში ყველაზე კაშკაშა კომეტა ჯერჯერობით ეს არის, რასაც ახლა ვხედავთ .

კომეტები ძალიან ბევრია დედამიწის გარშემო და მზის სისტემაში, მაგრამ იშვიათობაა, როცა კომეტა კაშკაშაა. წლების განმავლობაში ნამდვილად არ გვქონია ასეთი კაშკაშა კომეტა, როგორიც ეს NEOWISE აღმოჩნდა. სრულიად არაპროგნოზირებადი იყო, რომ ასე სწრაფად მოიმატებდა სიკაშკაშე. დაახლოებით ერთი კვირის წინ გახდა შეუიარაღებელი თვალისთვისაც ხილვადი, იმდენად კაშკაშა აღმოჩნდა” ,- ამბობს დვალი “ნეტგაზეთთან”.

დვალის თქმით, კომეტამ მზეს შემოუარა და მისი ხილვა საქართველოს ცაზე მთელი ივლისის განამვლობაში იქნება შესაძლებელი, ყველაზე ახლოს კი დედამიწასთან 23 ივლისს აღმოჩნდება, რა დროსაც მისის სიკაშკაშე პიკს მიაღწევს. დასაკვირვებლად საუკეთესო დრო კი, ასტროფოტოგრაფის თქმით, 23 ივლისის 22:00 საათიდან იქნება:

“ჩვენ კონკრეტულად გადავიღეთ ბაზალეთიდან. მაქსიმუმი უკვე გაიარა, მზეს შემოუარა და მთელი ივლისის განმავლობაში შეიძლება ისევ დაკვირვება დედამიწიდან. ჯერჯერობით არის დილის ცაზე, მზის ამოსვლამდე. რამდენიმე დღე კიდევ ასე იქნება და შემდეგ უკვე ივლისის მეორე ნახევარში იქნება საღამოს ცაზე, როცა უკვე მზეს მეორე მხარეს მოადგება, და 23 ივლისს იქნება ყველაზე ახლოს დედამიწიდან და, წესით, ყველაზე კაშკაშა ამ დროს უნდა იყოს. საქართველოს მთელი ტერიტორიიდან იქნება ხილული საღამოს 10 საათისთვის, მზის ჩასვლის შემდეგ. სადღაც, დიდი დათვის თანავარსკვლავედთან შეიძლება მისი დანახვა”, – აღნიშნავს დვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი