ნეტგაზეთი | “ნაც. მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა აქტივისტს სცემა – ინციდენტს შსს იძიებს “ნაც. მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა აქტივისტს სცემა – ინციდენტს შსს იძიებს – Netgazeti

“ნაც. მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა აქტივისტს სცემა – ინციდენტს შსს იძიებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ, მოძრაობა “ახალგაზრდა მწვანეების” აქტივისტს, ნიკოლოზ ბაქრაძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა ამბროლაურში, ონის კასკადების წინააღმდეგ აქციის დასრულების შემდეგ მოხდა და მას შსს იძიებს.

მოძრაობის აქტივისტის, მარიამ ვაწაძის თქმით, აქციაზე, რომელიც “აპარტიული უნდა ყოფილიყო”, გამოჩნდნენ პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, ოთარ სირაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ახლა კი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია.

“მოსახლეობასაც ნეგატიური რეაქცია ჰქონდა ამაზე და შელაპარაკება მოგვივიდა, განსაკუთრებული არ მომხდარა არაფერი. შემდეგ ამბროლაურში როცა ჩამოვედით მანქანით დაგვეწიენ და მანქანიდანვე დაგვიწყეს ბილწსიტყვაობა, შემდეგ გადმოვიდნენ და დანარჩენი ვიდეოშიც ჩანს”, – აღნიშნავს აქტივისტი.

ვიდეოში, რომელიც მარიამ ვაწაძემ გაავრცელა, ჩანს კამათი ერთი მხრივ, ნიკოლოზ ბაქრაძეს, მეორე მხრივ კი ოთარ სირაძესა და მის თანმხლებ პირს შორის. მცირე ხნის შემდეგ, როდესაც სირაძე ხელით მკვეთრ მოძრაობას აკეთებს – ხელს იქნევს ბაქრაძის სახესთან ახლოს – ბაქრაძე კი ხელს კრავს მას, ფიზიკური დაპირისპირება იწყება.

მეორე ვიდეოში კი, რომელიც ვაწაძემ “ნეტგაზეთს”გამოუგზავნა, ჩანს როგორ უსწორდება ფიზიკურად ნიკოლოზ ბაქრაძეს ოთარ სირაძე, მისი თანმხლები კაცი კი ხელით იჭერს აქტივისტს.

ნიკოლოზ ბაქრაძე ამ დრომდე ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაშია და ექსპერტიზის შედეგს ელოდება.

“ნეტგაზეთი” მომხდართან დაკავშირებით დაუკავშირდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე “ნაციონალურ მოძრაობას”. შსს-ში თქვეს, რომ გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლითაა დაწებული, რაც ხულიგნობას გულისხმობს. “ნაციონალური მოძრაობის” კომენტარს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ონში ონის კასკადების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან