ახალი ამბები

მუმლაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ 1 პირი გაამართლა, 5-ს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

4 ივლისი, 2020 • 1868
მუმლაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ 1 პირი გაამართლა, 5-ს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მოქალაქე დავით მუმლაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის საქმეზე, რომელშიც იმ დროისათვის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები მონაწილეობდნენ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ 5 პირთან მიმართებით პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მათ. მეექვსე მათგანი პირველმა ინსტანციამ გაამართლა და გაათავისუფლა, რასაც მოკლულის ოჯახის წევრთა პროტესტი მოჰყვა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იყო 6 პირი. პროკურატურის ცნობით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზურაბ ჯღარკავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებასა და ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში. ის 20 წლით დააპატიმრეს.

გიორგი გეთაშვილი დამნაშავედ ცნეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დახმარებაში და 9 წელი მიუსაჯეს. 10 წელი მიუსაჯეს დავით მიროტაძეს, რომელიც სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ცნო დამნაშავედ. ამავე მუხლით გაასამართლეს მიხეილ ღუბიანური და დიმიტრი დუღაშვილიც, რომელთაც, შესაბამისად, 10 და 9 წელი მიესაჯათ.

პასუხისგებაში მიცემული კიდევ ერთი პირი, გიორგი ასათიანი, უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, რასაც მოკლულის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. პროკურატურა გადაწყვეტილების ამ ნაწილს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.


35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა გასული წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. შს სამინისტრომ განაცხადა, რომ მკვლელობის ფაქტი, რომელშიც მოქმედი და ყოფილი პოლიციელები მონაწილეობდნენ, ცხელ კვალზე გახსნა.

გამოძიების თანახმად, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა ასათიანმა და მისმა თანამზრახველმა ზურაბ ჯღარკავამ მუმლაძის მკვლელობა წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით დაგეგმეს.

მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს გიორგი გეთაშვილს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. 1-ელ ოქტომბერს, გეთაშვილმა თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა მუმლაძე. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს.

მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დავით მუმლაძე, უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ჯღარკავასა და ასათიანს. აღნიშნულმა პირებმა, შსს-ს ვერსიით, დავით მუმლაძე მტკვრის ნაპირზე ჩაიყვანეს და ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს.

სავარაუდოდ, პოლიციელების მონაწილეობით მომხდარი გატაცებისა და მკვლელობის საქმის დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი