ახალი ამბებისამართალი

სავარაუდოდ, პოლიციელების მონაწილეობით მომხდარი გატაცებისა და მკვლელობის საქმის დეტალები

9 ოქტომბერი, 2019 •
სავარაუდოდ, პოლიციელების მონაწილეობით მომხდარი გატაცებისა და მკვლელობის საქმის დეტალები

დავით მუმლაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს – დავით მიროტაძეს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სამართალდამცველები ჯერ კიდევ ეძებენ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ, 1983 წელს დაბადებულ ზურაბ ჯღარკავას.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა. შს სამინისტრომ განაცხადა, რომ მკვლელობის ფაქტი, რომელშიც მოქმედი და ყოფილი პოლიციელები მონაწილეობდნენ, ცხელ კვალზე გახსნა. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ასათიანი. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები: 1992 წელს დაბადებული მიხეილ ღუბიანური და 1981 წელს დაბადებული დავით მიროტაძე. ამავე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი – 1989 წელს დაბადებული დიმიტრი დუღაშვილი, ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გიორგი გეთაშვილი.

გამოძიების მტკიცებით, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა ასათიანმა და მისმა თანამზრახველმა ზურაბ ჯღარკავამ მუმლაძის მკვლელობა წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს გიორგი გეთაშვილს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. 1-ელ ოქტომბერს, გეთაშვილმა თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა მუმლაძე. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დავით მუმლაძე, უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ჯღარკავასა და ასათიანს. აღნიშნულმა პირებმა, შსს-ს ვერსიით, დავით მუმლაძე მტკვრის ნაპირზე ჩაიყვანეს და ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს.

“მთავარმა არხმა” გაასაჯაროა დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელის, დავით მიროტაძის ჩვენება, რომელშიც დანაშაულის დეტალებს აღწერს. მიროტაძის თქმით, დავით მუმლაძის დაკავება სიძემ – ზურაბ ჯღარკავამ სთხოვა, რომელიც “მთავარი არხის” მტკიცებით, “კრიმინალური ავტორიტეტია”. ჩვენებაში დავით მიროტაძე ჰყვება, რომ ამ მკვლელობამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე მისი სიძისგან, ზურაბ ჯღარკავასგან მიიღო კონკრეტული თანხა საჩუქრად და ეს ფული (4 000-4 000 ლარი) გაუნაწილა გატაცებაში მონაწილე პოლიციელებს. დავით მიროტაძე არ ამბობს, თუმცა, “მთავარი არხის” ინფორმაციით, ყველაზე დიდი თანხა – დაახლოებით 18 000 ლარი- თავად მიროტაძემ აიღო და იპოთეკით დაკარგული ბინა გამოისყიდა.

დავით მიროტაძის ჩვენებიდან, რომელიც “მთავარმა” გაავრცელა:

“მე და ჩემი სიძე შევთანხმდით, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩავიდოდი ქალაქ თბილისში, სადაც შევხვდებოდი ჩემი სიძის მეგობარს, გიორგი გეთაშვილს, რომელიც თავად ჩაისვამდა დავით მუმლაძეს ავტომანქანაში. ამის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად მივვარდებოდი მას და იძულებით ჩავსვამდი ჩემს ავტომანქანაში და წამოვიყვანდით ქალაქ რუსთავში, რის შემდეგაც მას გადავუსვამდი ჩემს სიძეს, ზურაბ ჯღარკავას და თავად მიხედავდა შემდეგ ამ პიროვნებას”.

“1-ელ ოქტომბერს, დილის საათებში, ჩემს საცხოვრებელ სახლთან მოვიდა დიტო დუღაშვილი შავი ფერის BMW-ის მარკის ავტომანქანით. მე ჩავჯექი დიტოს გვერდით მანქანაში და გავემართეთ სასაფლაოების მიმართულებით, სადაც დიტომ გააჩერა ავტომანქანა, რა დროსაც ჩვენ ავტომანქანას მოვხსენით სანომრე ნიშანი და დავუყენეთ ე.წ. უცხოური ტრანზიტული ნომრები. ამის შემდეგ ჩვენ მივაკითხეთ მიხეილ ღუბიანურს და წავედით ქალაქ თბილისის მიმართულებით. სამივე ჩვენგანს გვეცვა პოლიციელის ფორმის ტანსაცმელი”.

“მე დავით მუმლაძე ხელებზე ბორკილებდადებული გადავიყვანე ჩვენი ავტომანქანიდან. ამ დროს ვერცხლისფერი მერსედესის მარკის ავტომანქანიდან გადმოვიდნენ ზურაბ ჯღარკავა და გიორგი ასათიანი და მოგვიახლოვდნენ მე და დავით მუმლაძეს. ამის შემდეგ მე დავტოვე ჩემი სიძე ზურაბ ჯღარკავა, გიორგი ასათიანი და დავით მუმლაძე”.

“მომდევნო დღეს, 2 ოქტომბერს, საღამოს საათებში მე შევხვდი დიტო დუღაშვილს, რომელსაც მივეცი 4 000 ლარი და ვუთხარი, რომ ამ თანხას ვჩუქნიდი. ამის შემდეგ გავემართე რუსთვის პოლიციის სამმართველოსკენ, სადაც ასევე შევხვდი მიხეილ ღუბიანურს, რომელსაც ასევე ვაჩუქე 4 000 ლარი. ხსენებული თანხა 8 000 ლარის ოდენობით მე მომცა ჩემმა სიძემ ზურაბ ჯღარკავამ 15-16 სექტემბერს და სწორდ ეს თანხა გავუნაწილე დიტოს და მიხეილს”.

ამ ვერსიის მიხედვით, მძევლის გადაცემის შემდეგ დავით მუმლაძეს, სავარაუდოდ, დანით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. მკვლელობის იარაღი ამოღებული არ არის.

“მთავარი არხის” ინფორმატორის ცნობით, დავით მუმლაძე, იგივე ზურაბ დადეშელი, კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ პროკურატურის ოქროს მოწმე იყო, მოწმეთა დაცვის პროგრამაში იჯდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

დავით მიროტაძის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ჩვენება საქმეში ნამდვილად დევს და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ის ჯერ კიდევ მოწმის სტატუსით დაკითხვისას მისცა, როცა არც ადვოკატი ჰყავდა. დღეს დავით მიროტაძე და სხვა ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

“ეს ჩვენება დავით მიროტაძემ დაკავებამდე, მოწმის სახით მისცა. როდესაც ბრალი წაუყენეს, არ დაადასტურა და დღესაც არ ადასტურებს ამ ჩვენებას, არ ეთანხმება მის შინაარსს.  შესაბამისად, ბრალს არ აღიარებს. მას აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ დუმილის უფლება გამოიყენოს და ამ უფლებას იყენებს. რატომ და რისთვის და რა მიზეზით მისცა მაშინ ასეთი ჩვენება, ამის შესახებ არ საუბრობს და მისი პოზიციიდან გამომდინარე, მეც შეზღუდული ვარ ვილაპარაკო. აცხადებს, რომ სასამართლოში როდესაც მოხდება არსებითი განხილვები, იქ მისცემს ჩვენებას და რეალურ ინფორმაციას მიაწვდის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს”, – განაცხადა მამულაძემ.

კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი გეთაშვილის ადვოკატი სოსო ხარატიშვილი  სამართალდამცველების მიერ დაკავებულთათვის აღიარებითი ჩვენების გამოძალვაზე საუბრობს.

“გიორგი გეთაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე თქვა: “ეს არის ჩვენება, რაც თქვენ დამაწერინეთო” და პოლიციელებისკენ მიტრიალდა”, – განაცხადა ხარატიშვილმა.

მანამდე გეთაშვილის ახლობლები და ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ეს უკანასკნელი პოლიციის შენობაში 24 საათზე მეტხანს გამოკეტეს და მასთან შეხვედრის უფლებას მისი ინტერესების დამცველს არ აძლევდნენ.

“გიორგი გეთაშვილი არის გატაცებული, ის დაკავებული არ ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ 30 საათი არსად არ ჩანს და ჩვენი ინფორმაციით იმყოფება ამ შენობაში”, – აცხადებდა 6 ოქტომბერს გეთაშვილის ადვოკატი კობაიძე.

საბოლოოდ ბრალი გეთაშვილსაც წაუყენეს ცრუ ჩვენების მუხლით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი