ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, მივმართე აღსრულების ბიუროს – შენგელია

3 ივლისი, 2020 • 1390
იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, მივმართე აღსრულების ბიუროს – შენგელია

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის საქმიანობის აღდგენის თაობაზე, ამიტომ, რეაგირებისთვის აღსრულების ბიუროს მიმართავს.

“კიდევ ერთი წარმოუდგენელი ამბავი, უკვე მესამე დღეა ხელისუფლების ერთი შტოს ნაწილი – იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს მეორის – სასამართლო ხელისუფლების მიერ გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ჩემთვის საქმიანობის უფლების აღდგენის თაობაზე.

არც ვიცი, რა ვთქვა, ეს რომ სამართლებრივი პროცესი არ იყო, დასაწყისშივე ჩანდა, თუმცა სააღსრულებო ფურცლის ამოწერის მოთხოვნა და იძულებითი აღსრულების დაწყება თუ მომიწევდა, მართლა არ მეგონა.

თუმცა უკვე მივმართე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ამ მოთხოვნით და შეგახსენებთ, რომ სასამრთლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 381.2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს”, – აცხადებს ბაჩანა შენგელია.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს და ჰკითხა, რატომ არ სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა.

აღნიშნული განჩინება ძალაშია, სანამ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებაზე ბაჩანა შენგელიას სარჩელს არსებითად არ განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ბაჩანა შენგელიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართა და იუსტიციის სამინისტროს იმ გადაწყვეტილების კანონიერებაზე დავობს, რომლის საფუძველზეც სანოტარო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ სანოტარო რეესტრზე წვდომა შეუჩერდა.

ამჟამად იუსტიციის სამინისტრო ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ ორ დისციპლინურ საქმეს აწარმოებს.

მანამდე შენგელია ამბობდა, რომ 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა.

შენგელიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ მიწერილი წერილის პასუხად აცნობა, რომ უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა.

ბაჩანა შენგელია აღნიშნავდა,  რომ კანომდებლობის მიხედვით ნოტარიუსს საკუთარი შემცვლელისთვის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით დატოვა ავადმყოფობის გამო. ამასთან, შენგელია აცხადებს, რომ პროგრამაზე წვდომის შეზღუდვა დისციპლინური წარმოების შედეგი უნდა იყოს და წარმოებისას ამ ნორმის გამოყენებაც უკანონოა.

შესაბამისად, შენგელია ამბობდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავის აქტივობას უკავშირებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი და ამ საკითხის შესასწავლად გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავდა.

რაც შეეხება მეორე წარმოებას, შენგელიას იუსტიცია ასევე ედავება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების გამო:

“დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს”, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც შენგელიამ სამინისტროდან მიიღო.

ვრცლად წაიკითხეთ:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი