ახალი ამბები

თავდაცვის ძალების მეთაურის პოსტზე ჩაჩიბაია გენერალ-მაიორმა მათიაშვილმა ჩაანაცვლა

1 ივლისი, 2020 • 2186
თავდაცვის ძალების მეთაურის პოსტზე ჩაჩიბაია გენერალ-მაიორმა მათიაშვილმა ჩაანაცვლა

დღეიდან, პირველი ივლისიდან, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პოსტი დატოვა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. როგორც მან დღეს უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე განაცხადა, თადარიგში მიდის.

საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს. ჩაჩიბაიამ სწორედ მას გადააბარა დღეს თავდაცვის ძალების მეთაურის დროშა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. მათ გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა თავდაცვის ძალების ახალი მეთაურიც.

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი

2019 წლიდან დღემდე, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1998 წლიდან დაიწყო მისი ოფიცრის სამხედრო კარიერა. გენერალ მათიაშვილს სამხედრო განათლება ასევე მიღებული აქვს ევროპაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებელში დაასრულა ოფიცრის საწყისი კურსი,  ასეულის მეთაურის კურსი, ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემია.

სამხედრო სამსახურის პერიოდში გენერალი მათიაშვილი თავდაცვის ძალებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციას ხელმძღვანელობდა, მათ შორის, ეკავა სამეთაურო თანამდებობები. 2016 წლიდან იგი დაინიშნა სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილედ, 2018 წელს კი, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლად. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაჯილდოებულია: ღირსების ორდენით, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, 7 მედლით და  საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით.

მასალების გადაბეჭდვის წესი