ახალი ამბები

ანა სუბელიანზე თავდამსხმელს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

1 ივლისი, 2020 • 1543
ანა სუბელიანზე თავდამსხმელს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პირს, რომელიც აქტივისტ ანა სუბელიანს კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე დაესხა თავს, 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც უწყება აცხადებს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული შ.შ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 19:45 საათზე, თბილისში, კოსტავას ქუჩის N36/1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინოთეატრ „ამირანის“ წინ მიმდინარე აქციის დროს, შ.შ-მ გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მობილური ტელეფონი ესროლა ანა სუბელიანს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა სახის არეში. შედეგად, დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

სამართალდამცველებმა შ.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

2019 წლის ნოემბერში კინოტეატრ “ამირანთან” ძალადობრივი ჯგუფები მართავდნენ აქციას ქართული-შვედური ქვიარ ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” –  წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი