ახალი ამბები

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები I მოსმენით მიიღეს

1 ივლისი, 2020 • 1684
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები I მოსმენით მიიღეს

პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს  I მოსმენით მხარი დაუჭირა.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უნდა მიიღოს. ახალი კონსტიტუციური ნორმები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით უნდა ჩატარდეს, საარჩევნო კანონმდებლობამაც უნდა აირეკლოს. ახლა პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიღების გაცხადებული მიზანიც კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია და დახვეწაა.

პაკეტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, ინიციატორები კი „ქართული ოცნების“ პარლამენტარები არიან: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი.

ის კანონები, სადაც ცვლილებები შედის, არის:

საარჩევნო კოდექსი;
კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
სისხლის სამართლის კოდექსი;
მაუწყებლობის შესახებ კანონი;

ცვლილებათა პაკეტი იურიდიულ კომიტეტზე ინიციატორმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. დამსწრეთა ნაწილმა — ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა — შენიშვნები გამოთქვეს, რადგან, მათი ხედვით, ეუთოს რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი არ სრულდება, რასაც მმართველი გუნდი უარყოფს.

რა იცვლება?

ის ცვლილებები, რასაც კომიტეტზე ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდა ან კრიტიკის გარეშე დარჩა, შემდეგია:

  • ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება;
    • ეს ქმედება ჯარიმით დაისჯება [თუმცა კომიტეტზე გამოითქვა უკმაყოფილება, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის თავიდან არიდებისთვის ეს ნაბიჯი არასაკმარისია];
  • თუ პარტიას 50 ათასი ადამიანი დაუჭერს მხარს, მაშინ პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით თითო ხმისთვის 15 ლარს მიიღებს;
    • კობახიძის განმარტებითვე, ეს ნიშნავს, რომ თუ პარტია აიღებს, მაგალითად, დაახლოებით 50 ათას ხმას, ის საბიუჯეტო დაფინანსების სახით მიიღებს 750 ათას ლარს;
    • ყოველი შემდეგი ხმისთვის პარტია მიიღებს 5 ლარს;
  • საუბნო საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრები აირჩევიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრების უმრავლესობის მხარდაჭერით;

მაუწყებლების საკითხები

  • ცვლილებები არ ითვალისწინებს ნეგატიური, ანუ ანტირეკლამის აკრძალვას;
  • 2020 წლის არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის კუთხით არაფერი იცვლება და უფასო საეთერო დროს 19 კვალიფიციური პარტია მიიღებს, თუმცა 2024 წლისთვის შემდეგი ცვლილებაა:
    • უფასო საეთერო დროს მიიღებენ ის სუბიექტები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადალახავენ კონსტიტუციით დადგენილ ბარიერს (პარტიებისთვის 1%, ბლოკებისთვის კი იმდენ პროცენტს, რამდენი პარტიაც არის ბლოკში); 2024-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი უკვე 3%-იანი ბარიერი ამოქმედდება;
  • მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად; შესაბამისად, მაუწყებელი რეკლამის ღირებულების ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება;
  • 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის 30-ე დღიდან არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები;
  • ამასთან, 2020 წლის არჩევნების მეორე ტურში უფასო საეთერო დრო შესაბამისი პროპორციით გადანაწილდება მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტზე, მიუხედავად იმისა, პირველი ტურში სარგებლობდა თუ არა კონკრეტული სუბიექტი კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით (მათ შორის, დამოუკიდებელი კანდიდატებიც).

სხვა ცვლილებები

  • კობახიძის თანახმად, კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსებას;
  • კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში;
  • კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელი იქნება სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას;
ამომრჩევლის მოსყიდვა – რა იცვლება?

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარმა, რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ამომრჩევლის მოსყიდვის პრობლემაზე და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შედის.

გოცირიძემ გაიხსენა „ქართული ოცნების“ მიერ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 600,000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერა, რაშიც დამკვირვებლები მოსყიდვის ნიშნებს ხედავდნენ, და თქვა, რომ „ამისთვის არავინ დასჯილა“.

„[ახალი კოდექსით] განიხილება თუ არა ეს საკითხი, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა“? – ჰკითხა მან ირაკლი კობახიძეს.

კობახიძემ მოგვიანებით თავის პასუხში განაცხადა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, როგორც სხვა დანაშაულებებისთვის, მაგალითად, უკანონო შემოწირულობებისთვის, სანქციები უკვე არსებობს და ენმ დაადანაშაულა „შავი ფულის“ ხარჯვაში:

„შავი ფული რჩება ქართული პოლიტიკის პრობლემად. დიდი რესურსები იხარჯება. ამის კონტროლი არ არის მარტივი… 2016 წელს ჩვენ დაანგარიშებული გვქონდა ენმ-ის დახარჯული შავი ფული და ეს 100 მლნ-ს აღემატებოდა, როცა ნაჩვენები იყო 10 მლნ“. კობახიძეს არ განუმარტავს, როგორ ჰქონდა ეს თანხა დათვლილი.

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძემ კი თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებმა წინა არჩევნებზე თითო მილიონი ლარი დახარჯეს, როგორც „შავი ფული“, რაც არსად გამოჩენილა და ამიტომ, ვალების საკითხთან ერთად, ხაზი გაუსვა კანონის აღსრულების პოლიტიკური ნების მნიშვნელობას [კობახიძემ უარყო მაჟორიტარების მიერ ამ რაოდენობის თანხის დახარჯვა]…

ეუთოს/ოდირის რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ „შესაბამისმა ორგანოებმა დროული რეაგირება უნდა მოახდინონ ამომრჩეველთა დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის განხორციელების ან ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო შემთხვევებზე“.

ნების კონტროლი – მოუშორებელი პრაქტიკა?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის მოგვარებასაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ითხოვენ, ამომრჩევლის ნების კონტროლის თავიდან არიდება იყო.

ამასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში ცვლილება შემდეგ დათქმას ითვალისწინებს: „დაუშვებელი იქნება საარჩევნო უბანში ან უბნიდან 25 მეტრის რადიუსში, პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება“.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეს ჩანაწერი კრძალავს არა მხოლოდ ფიზიკურ შეფერხებას, არამედ, მაგალითად, ამომრჩევლისთვის იმის კითხვას, თუ ვის მისცა ხმა — თუმცა უბანში და უბნიდან მხოლოდ 25 მეტრის რადიუსში.

თუმცა, არასამთავრობოების ნაწილისა და ოპოზიციის თანახმად, ეს დათქმა არასაკმარისია.

მაგალითად, ვახუშტი მენაბდე, რომელიც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ წარმოადგენს, ხაზს უსვამს, რომ საიას მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, „მთავარი პრობლემები, რაც [ამჟამად] არჩევნების დღეს გვაქვს საარჩევნო პროცესში, არის … უბნის გარეთ“.

ზუგდიდის მე-8 საარჩევნო უბანი 2018 წლის არჩევნებზე, სადაც სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იყვნენ შეკრებილები. ფოტო: ლუკა პერტაია

მისი თქმით, ეს არის არამხოლოდ საია-ს, არამედ სხვა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაც: „ამიტომ უფრო წინ წავიდეთ რეგულირებაში — ეს პერიმეტრი უნდა გაიზარდოს და იქ უფლებამოსილი პირის და ამომრჩევლის გარდა არავინ არ უნდა იყოს“.

ეუთოს/ოდირის რეკომენდაციებშიც წერია, რომ „ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის დასჯის შიშის გარეშე მიცემის უზრუნველსაყოფად, სასურველია წინასაარჩევნო კამპანიის დროს ე.წ. „სიჩუმის პერიოდის“ დაწესებისა და საარჩევნო უბნების გარშემო შესაბამისი პერიმეტრების (სადაც საარჩევნო კამპანიის წარმოება და ამომრჩეველთა აღრიცხვა აიკრძალება) მოწყობის შესაძლებლობის განხილვა მოხდეს“…

გენდერული კვოტები – საკმარისია?

წარდგენილი ცვლილებები მხოლოდ გარკვეულწილად ითვალისწინებს გენდერულ კვოტირებას და შემდეგი პრინციპი შემოაქვს:

  • 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოში უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ყოველ სამეულში მაინც უნდა იყოს ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის;
  • ამასთან, 2032 წლამდე, თუკი პარლამენტს წევრი გამოაკლდება, ის იმავე სქესის ადამიანმა უნდა ჩაანაცვლოს;
  • 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი (გამოკლებულ წევს ჩაანაცვლებს იმავე სქესის კანდიდატი);

კობახიძემ თქვა, რომ კვოტირება განიხილება, როგორც დროებითი ზომა, აქედან გამომდინარე, კვოტები გაწერილია სამი მოწვევის პარლამენტისთვის. 2020 წელს, მისი თქმით, სულ მცირე, 30 ქალი მაინც იქნება პარლამენტში, რაც მათ ახლანდელ რიცხვზე — 21-ზე მეტია.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტს ამ მიმართულებითაც შეუძლია მეტის გაკეთება. საია-ს წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ თქვა, რომ „გენდერულ კვოტებზე შეგვიძლია, კიდევ უფრო წინ წავიდეთ“;

დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ეკა ბესელიამ ალტერნატიული ვერსია წარმოადგინა, რომლის თანახმადაც პარტიებმა ცესკოსთვის წარდგენილ პროპორციულ სიებში 2020 წელსვე უნდა წარადგინონ სამ კანდიდატს შორის, სულ მცირე, ერთი ქალი.

ეკა ბესელია

„ქართული ოცნების“ პარლამენტარმა ენძელა მაჭავარიანმა კი გამოთქვა იდეა, რომ თუკი ეს სავალდებულო არ გახდება, დამატებითი ფინანსური სარგებლით წახალისდეს, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ ეს ისედაც გათვალისწინებულია.

ამ საკითხზე უფრო დეტალურად ისაუბრა ირმა პავლიაშვილმა, რომელიც 100 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არჩეული წარმომადგენელია „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფში“:

„დადებითაც უნდა შევაფასო სავალდებულო გენდერული კვოტის ინიცრება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი და სამუშაო ჯგუფის აზრით, ეს იქნება ეფექტური იმდენად, რამდენადაც კონსტიტუციით გარანტირებულ არსებით თანასწორობას ვერ უზრუნველყოფს იმ მოცემულობით, როგორც დღეს წარმოდგენილია [კანონპროექტში]. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, რომ უკეთესი იქნება, თუკი ყოველ სამეულში მაინც იქნება ერთი განსხვავებული სქესის ადამიანი 2028 წლამდე, ხოლო მას შემდეგ უკვე ყოველი მეორე“.

„დროებითობაზე როდესაც ვსაუბრობთ, მიგვაჩნია, რომ მოცემული ვადები არასაკმარისია და უნდა ჩაიწეროს საკანონმდებლო დონეზე, რომ სავალდებულო გენდერული კვოტა განსაზღვრული იქნება მანამ, სანამ არ მიიღწევა არსებითი თანასწორობა, თუმცა ასევე პრინციპის დონეზე უნდა განისაზღვროს გადახედვის მექანიზმი, რომლითაც საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ იმ არსებით თანასწორობას, რომლის პრინციპიც აღიარა საკონსტიტუციო დონეზე და აიღო ვალდებულებები საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

ირმა პავლიაშვილის თანახმადვე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით კრიტიკული მინიმუმი არის 40%. „დღეს ინიცირებული ვარიანტით, 2020 წლის არჩევნებისთვის ვიღებთ 20%-ს (30 ქალ პარლამენტარს), რაც მხოლოდ მცირედი მატებაა და საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ ოდენობას ვერ აღწევს“, – თქვა მან.

ირმა პავლიაშვილი, ფოტო: საია

ირაკლი კობახიძემ შეთავაზებულ ვერსიებზე პასუხად განაცხადა: „უნდა შევჯერდეთ ისეთ ვარიანტზე, რომელიც იქნება პოლიტიკურად გატანადი და გასვლადი პარლამენტში და სწორედ ასეთი ვარიანტია თქვენს წინაშე“.

ვრცლად წაიკითხეთ:

რა წესებით [არ] ჩატარდება 2020 წლის არჩევნები – ცვლილებების განხილვა

მასალების გადაბეჭდვის წესი