ახალი ამბები

ჰუბერტ ქნირში ამ ქვეყნის პატრიოტი და ჩვენი მეგობარია – ვაშაძე

30 ივნისი, 2020 • 1300
ჰუბერტ ქნირში ამ ქვეყნის პატრიოტი და ჩვენი მეგობარია – ვაშაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ ქნირში მისი მეგობარია, რომელთანაც ბევრ საკითხზე უკამათია.

ვაშაძე განმარტავს, რომ ელჩს, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, აქვს “საკუთარი აზრი”, რომელიც ტაქტით და პროტოკოლის ფარგლებში უნდა მოისმინო. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ანუ მას არ მოსწონს “ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებები გერმანიის ელჩზე, ვაშაძე პასუხობს, რომ მხოლოდ საუბრობს იმაზე, რასაც თავად ფიქრობს.

“რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ჩემს მეგობარს, ჰუბერტ ქნირშს, როდესაც მეგობარს არბიტრად იწვევ დავაში, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენს მეგობარს და უკვე არბიტრს საკუთარი აზრი ექნება ყველა საკითხზე და მოთმენითა და ტაქტით უნდა მოისმინო მისი აზრი. ყველას საყურადღებოდ ვამბობ ამას… თუ მას არ ეთანხმები და მე ჩემს მეგობარ ჰუბერტთან ბევრ საკითხზე მიკამათია, მათ შორის 2008 წლის რუსეთის დამანგრეველი სამხედრო აგრესიის გენეზისზე. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის ელჩზე, ანუ როცა ვლაპარაკობთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელზე და არა პიროვნებაზე, რადგან ეს ადამიანი სახელმწიფოს წარმოადგენს… თქვენ მკითხეთ მე, რას ვფიქრობ… ეს ადამიანი წარმოადგენს იმ სახელმწიფოს, რომელმაც ერთ-ერთი უზარმაზარი როლი ითამაშა დღევანდელი საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნებაში, რაც ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს, ასოცირების შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციაში… ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, როდესაც ადამიანი საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათი დასაშვებია, მაგრამ არის ტაქტის, პროტოკოლის ზღვარი, რომელიც ყოველთვის უნდა დავიცვათ. ჰუბერტ ქნირში ამ ქვეყნის პატრიოტი და ჩვენი მეგობარია”,-აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, ენმ-ს გერმანიის ელჩზე არავითარი განცხადება არ გაუკეთებია და მხოლოდ რამდენიმე კომენტარი ჰქონდა რომან გოცირიძეს, სადაც მან, ვაშაძის თქმით, “ტაქტიანად გამოთქვა საკუთარი აზრი”. ამას გარდა, ვაშაძე ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართულ პარტიებს დიდი იდეოლოგიური სხვაობა აქვთ და მათ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულების სურვილი აერთიანებთ.

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ გიორგი რურუა, — რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს და რომლის გამოშვების გარეშეც არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, — 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

ამის შემდეგ ის ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა: “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ ელჩს “[ბიძინა] ივანიშვილი აფინანსებს”, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია კი ელჩის კომენტარს ასე გამოეხმაურა: “თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში…”

მასალების გადაბეჭდვის წესი