ახალი ამბები

ენმ-მ და NGO-ებმა ძალიან ცივი შხაპი მიიღეს გერმანიის ელჩზე თავდასხმის შემდეგ – კილაძე

29 ივნისი, 2020 • 1563
ენმ-მ და NGO-ებმა ძალიან ცივი შხაპი მიიღეს გერმანიის ელჩზე თავდასხმის შემდეგ – კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და არასამთავრობო ორგანიზაციებმა “თავი მოიჭრეს” და “ძალიან ცივი შხაპი მიიღეს” გერმანიის ელჩზე “ორკესტრირებული თავდასხმის” გამო. შესაბამისი პოსტი კილაძემ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” მის დანაყოფებთან და ენჯეოებთან ერთად, საბოლოოდ მოიჭრა თავი ევროპასა და ამერიკაში, როცა გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ ქნირშს ორკესტრირებულად დაესხა თავს ცრუ ბრალდებებით. ის, რაც, სამწუხაროდ, გასდით ქართულ საზოგადოებასთან, არ გაუვიდათ გერმანიასთან. ვფიქრობ, ოპონენტმა პარტიებმა და ენჯეოებმა ერთობლივად მიიღეს უბრალოდ ცივი კი არა – ძალიან ცივი შხაპი აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოსგან ერთობლივად”, – აღნიშნავს ის.


გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ გიორგი რურუა, — რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს და რომლის გამოშვების გარეშეც არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, — 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

ამის შემდეგ ის ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა: “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ ელჩს “[ბიძინა] ივანიშვილი აფინანსებს”, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია კი ელჩის კომენტარს ასე გამოეხმაურა: “თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში…”

ასევე, კრიტიკა მოჰყვა ქნირშის განცხადებას სოფო კილაძის საკითხზე: ელჩმა შეშფოთება გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების შინაარსზე, რომელიც ეხებოდა საქართველოს მხრიდან კილაძის წარდგენას გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად. NGO-ები აღნიშნავდნენ, რომ სოფო კილაძე არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით.

“ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი შეშფოთება ქართველი კანდიდატის, ქალბატონი სოფიო კილაძის დადანაშაულებასთან დაკავშირებით. ყველასთვის კარგად ცნობილია პერსონალური თავდასხმები პოლიტიკურ პარტიებს შორის, განსაკუთრებით, პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში. რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ მათ შეუფასებელ როლს მთელ რიგ საკითებში, ამ დონეზე დაშვების ნაცვლად”, – წერდა ელჩი.

მას შემდეგ, რაც გერმანიის ელჩმა გააკრიტიკა ორგანიზაციების ეს გზავნილი, NGO-ებმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ გაკვირვებას იწვევს ელჩის შეფასება, “როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს”.

გაკვირვებული ვარ კომენტარებით, რომელსაც ჩემს მიმართ აკეთებენ – გერმანიის ელჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი