ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ხალხისა და ქვეყნის მეგობრების დამსახურებაა – ოპოზიცია

29 ივნისი, 2020 • 1753
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ხალხისა და ქვეყნის მეგობრების დამსახურებაა – ოპოზიცია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობრების მიღწევაა. ამის შესახებ მან დღეს, 29 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“დღევანდელი დღე აჩვენებს ქართველი საზოგადოების, მათ შორის, დემოკრატიული ოპოზიციის ნაწილის და საქართველოს მეგობრების დახმარებას ქართველი ხალხის მიმართ. ეს შედეგი, რაც ქართველმა საზოგადოებამ მიიღო საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, არის კარგი შედეგი.

ეს არ არის ის, რასაც ქართული საზოგადოება ითხოვდა – სრულად პროპორციული, მაგრამ ეს არის გონივრული კომპრომისი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოში დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს, რომ მიეღოთ საკუთარი ხმებით და ეს არის კარგი”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ამით არ ამოწურულა საქართველოს წინაშე ამ ფაზაში მდგომი გამოწვევა – 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს მთლიანად, რაც გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას გულისხმობს.

2020 წლის არჩევნების პროპორციულთან მიახლოებულად ჩატარებას დადებითად აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძეც, რომლის თქმითაც, აღნიშნული ცვლილებების მისაღებად განსაკუთრებული როლი საერთაშორისო საზოგადოებამ და ქართველმა მოსახლეობამ ითამაშეს. გოცირიძის განმარტებით, მას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დაამტკიცებდა.

“შიდა და საგარეო ზეწოლამ ქართული ოცნება აიძულა, რომ წასულიყო ამ დათმობაზე და ეჭვიც არ გვეპარებოდა, “ქართული ოცნების” 92-ვე ხმა იქნებოდა ამ ცვლილებებში გამოყენებული. რისკები, რა თქმა უნდა, იყო, პირველ რიგში, დამოუკიდებელი დეპუტატების და “ქართულ ოცნებას” გამოყოფილი დეპუტატების მხრიდან.

ბოლო მომენტში ერთი-ორი ხმა ათასნაირი მიზეზით შეიძლებოდა გამოკლებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა და ამით ძალიან ვაფასებთ მათ როლს საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაში”, – განაცხადა გოცირიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, მიიღებდა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის ჩაგდების მაღალ რისკს დაინახავდნენ, გოცირიძემ უპასუხა, რომ კანონპროექტის ჩაგდების შემთხვევაში ისინი სხვადასხვა ბერკეტს გამოიყენებდნენ, მათ შორის, ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას ჩავარდნილი კანონპროექტის ხელახალ განხილვაში:

“იმ შემთხვევაში, თუ მესამე მოსმენითაც ჩააგდებდნენ და მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რომ საბოლოოდ ჩაეშალათ საკონსტიტუციო პროცესი და გადმოებრალებინათ ჩვენთვის, ამის შემდეგ ჩვენ გამოვიყენებდით სხავდასხვა ბერკეტს, მათ შორის, კენჭისყრაში მონაწილეობას მესამე მოსმენის შემდეგ სარედაქციო ცვლილებების სახით.

ბუნებრივია, რომ ამის ჩაგდების შემდეგ ძალიან მძიმე ზეწოლა ამოქმედდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისგან და ჩვენი მონაწილეობა ამ მხრივ კვლავ მიბმული იქნებოდა გიორგი რურუასთან და ეჭვიც არ გვეპარება, რომ მას გაათავისუფლებდნენ”, – განმარტა გოცირიძემ.

მისი თქმით, კენჭისყრაში მათი არმონაწილეობა იყო პრინციპული ნაბიჯი, რომელიც უკავშირდებოდა გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნას და ისინი სამომავლოდაც გეგმავენ გააგრძელონ კენჭისყრების ბოიკოტი, გარდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შემთხვევებისა.


საქართველოს პარლამენტმა დღეს, 29 ივნისს, მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება. კანონპრეოქტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღდეგი იყო.

კენჭისყრას არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებიც მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები 8 მარტის შეთანხმების დარღვევად არ მიიჩნევენ გიორგი რურუას საპატიმროში დატოვებას და პირიქით, მიიჩნევენ, რომ სწორედ მისი გათავისუფლება იქნება სასამართლო სისტემაში ჩარევა, რაც როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მართმსაჯულების ჩაურევლობაში გარანტიების შესახებ ნაწილის წინააღმდეგ მიდის. მდინარაძის თქმით, ეს არა შეთანხმების, არამედ ერთობლივი განცხადების ნაწილი იყო, რომელსაც მთავრობა “განგრძობით პერსპექტივაში მუდმივად შეასრულებს”.

ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – ჰარცელი

მასალების გადაბეჭდვის წესი