ახალი ამბები

გერმანიის ელჩი ანა აბაშიძეს პასუხობს სოფო კილაძეზე წერილის გამო

25 ივნისი, 2020 •
გერმანიის ელჩი ანა აბაშიძეს პასუხობს სოფო კილაძეზე წერილის გამო

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰებერტ ქნირში ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელ ანა აბაშიძეს პასუხობს წერილისთვის, რომელსაც რამდენიმე არასამათვარობო ორგანიზაცია აწერს ხელს და რომელიც ეხება გაეროს ბავშვთა კომიტეტში საქართველოდან წარდგენილ კანდიდატ, დეპუტატ სოფო კილაძეს. 

ელჩი ანა აბაშიძეს სთხოვს, მისი მიმართვა ჟენევაში გაგზავნილი წერილის სხვა ხელმომწერ ორგანიზაციებსაც გააცნოს: 

“ჩვენმა მისიამ ჟენევიდან გამომიგზავნა თქვენი მიმართვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სახელით გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით. 

ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი შეშფოთება ქართველი კანდიდატის, ქალბატონი სოფიო კილაძის დადანაშაულებასთან დაკავშირებით. ყველასთვის კარგად ცნობილია პერსონალური თავდასხმები პოლიტიკურ პარტიებს შორის, განსაკუთრებით პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში. რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ მათ შეუფასებელ როლს მთელ რიგ საკითებში, ამ დონეზე დაშვების ნაცვლად.

მენდეთ, მისია ჟენევაში იღებს ადეკვატურ ინფორმაციას როგორც ამ გზით, ასევე,  სხვა საელჩოების საშუალებით, რათა ადეკვატური წარმოდგენა შეექმნას  ყველა წარდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით. 

მოხარული ვიქნები, თუ ჩემს გამოხმაურებას იმ ორგანიზიებსაც გაუზიარებთ, რომლებიც ხელს აწერდნენ ჟენევაში გაგზავნილ მიმართვას”, – წერია ელჩის განცხადებაში, რომელიც საელჩოს ფეისბუკის გვერდზეა გამოქვეყნებული. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს 22 ივნისს მიმართეს. მიმართვაში ისინი აცხადებდნენ, რომ  საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს რეკომენდაციების უგულებელყოფით შეარჩია.

NGO-ები აღნიშნავდნენ, რომ 2020 წლის მეორე ნახევარში, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი რიგით მეთვრამეტე სესიაზე (კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოთა კონფერენცია) კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს, სოფიო კილაძე კი, რომელიც ამ თანამდებობაზე საქართველომ წარადგინა, მათი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით. 

NGO-ები კილაძის წინააღმდეგ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი