Interviewsახალი ამბები

ირანმა ტრამპის დაკავების ორდერი გამოსცა და დასახმარებლად ინტერპოლს მიმართა

29 ივნისი, 2020 • 1081
ირანმა ტრამპის დაკავების ორდერი გამოსცა და დასახმარებლად ინტერპოლს მიმართა

ირანმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გამოსცა. როგორც CNN ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, თეირანმა აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერპოლსაც მიმართა.

ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო “ფარსის” თანახმად, ტრამპი იმ 36 პირს შორისაა, რომლებზეც ირანმა აღნიშნული ორდერები გამოსცა სოლეიმანის საქმესთან მათი კავშირის გამო. თეირანის ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სიის სათავეშია.

ირანი ასევე ამბობს, რომ სახელმწიფომ აღნიშნულ პირთა დასაკავებლად ინტერპოლსაც მიმართა, თუმცა ადრესატმა მალევე უარყო თეირანის მოთხოვნა. ინტერპოლში ამბობენ, რომ მოთხოვნა არ შეესაბამება ორგანიზაციის წესებს, რომლებშიც ხაზგასმულია, რომ “ორგანიზაციისთვის მკაცრად აკრძალულია, განახორციელოს პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი სახის რაიმე აქტივობა”.

თეირანის ამ ნაბიჯს მალევე გამოეხმაურა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში ბრაიან ჰუკერი, რომელმაც “პოლიტიკური ტრიუკი” უწოდა ტრამპსა და სხვებზე ძებნის გამოცხადებას.

“ეს პროპაგანდაა, რომელსაც ჩვენ შევეჩვიეთ. მას საერთო არაფერი აქვს ეროვნულ უსაფრთხოებასთან, საერთაშორისო მშვიდობასთან ან სტაბილურობის დამყარებასთან”, – აღნიშნა მან.

2020 წლის იანვარში დონალდ ტრამპის ბრძანებით ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს, რის შემდეგაც აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებულად დაიძაბა. საპასუხოდ, ირანმა ერაყში აშშ-ის ბაზაზე შეტევა მიიტანა და  გამოვიდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან, რომლითაც ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს ამბობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი