ახალი ამბები

სოცაგენტების მძიმე შრომითი პირობები ყველაზე გაჭირვებულ ფენას აზარალებს – OSGF

29 ივნისი, 2020 • 906
სოცაგენტების მძიმე შრომითი პირობები ყველაზე გაჭირვებულ ფენას აზარალებს – OSGF

„ღია საზოგადოების ფონდი“ სოციალური აგენტების დაანონსებულ გაფიცვას ეხმაურება და აცხადებს, რომ მხარს უჭერს მას.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში ფონდი წერს, რომ შემაშფოთებელია სოციალური აგენტების განცხადებები უმძიმესი შრომითი პირობების შესახებ.

„ფიქსირებული ხელფასის (80 ლარი) საარსებო მინიმუმთან შეუსაბამობა, ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებები, სატრანსპორტო ხარჯების აუნაზღაურებლობა და სხვა საკითხები, საპროტესტო განწყობების შექმნამდე, ვერ გახდა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ყურადღების საგანი. სამინისტროს მხრიდან დასახელებული ტექნიკური მიზეზების გამო, დავის მოსაგვარებლად ამ დრომდე არ არის დანიშნული მედიატორი.

ამ ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია მინისტრის მოადგილის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისთვის არავის მიუმართავს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით. ასევე, ის ფაქტი, რომ ცალკეულ სოციალურ აგენტებთან დახურულ კარს მიღმა და პროფკავშირის ჩართულობის გარეშე შედგა შეხვედრა, რომლის შინაარსი სოციალური აგენტების უმრავლესობისთვის ცნობილი არ არის“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

მათივე თქმით, სოციალური აგენტების მძიმე შრომითი პირობები და ყოფა,  „პირველ რიგში, აისახება ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ფენის ყოველდღიურობაზე. სოციალური აგენტების გაფიცვა დააზარალებს ქვეყანაში არსებულ ისედაც ყველაზე დაზარალებულ ადამიანთა ჯგუფს“.

„ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითია, სამინისტრომ დროულად დანიშნოს მედიატორი კოლექტიურ დავაზე, სამედიაციო პროცესში ჩართოს ყველა სოციალური აგენტი და მათი პროფკავშირი და უზრუნველყოს სოციალური აგენტების მოთხოვნების დაუყოვნებელი დაკმაყოფილება“, – წერია განცხადებაში.


სოციალური აგენტები ამბობენ, რომ 3 დღეში გაიფიცებიან. შესაბამისი განცხადება მათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უკვე შეიტანეს.

სოცაგენტები ითხოვენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მათ მოუსმინოს და მოთხოვნები დაუკმაყოფილოს. მოთხოვნებს შორის არის 80-ლარიანი ფიქსირებული ხელფასის გაზრდა, ერთთვიანი ხელშეკრულების უვადოდ შეცვლა და ტრანსპორტისთვის ცალკე გამოყოფილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაახლოებით 250 სოცაგენტიდან –  90 მუშაობას შეწყვეტს.

ვრცლად:

3 დღე სოცაგენტების გაფიცვამდე – რას აპირებს სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი