ახალი ამბები

გახარია “ქვეყნის მტერ” პოლიტიკოსებსა და “ტოქსიკურ” მედიაგარემოზე

29 ივნისი, 2020 • 616
გახარია “ქვეყნის მტერ” პოლიტიკოსებსა და “ტოქსიკურ” მედიაგარემოზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც “ქართულ ოცნებას” და პირადად მას ამოძრავებს, არის ის, “რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ იყვნენ”:

“ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა, არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს დასავლურ უმაღლეს სტანდარტებს. ამის შემდგომ ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, ეს მისი გადასაწყვეტია. მე დარწმუნებული ვარ, ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ იყვნენ”, – ამბობს გახარია.

ამ განცხადების შემდეგ გახარიამ ტერიტორიის დატოვება სცადა, თუმცა ჟურნალისტები გახარიას უკან გაჰყვნენ და დაზუსტება სთხოვეს, თუ ვის გულისხმობდა პრემიერი “ქვეყნის მტრებში”.

ამის საპასუხოდ გახარიამ ჟურნლისტებს ქცევა და ეთიკა დაუწუნა და უთხრა, რომ ისინი დავალებებს იმის მიხედვით იღებენ, თუ რას ამბობს თავად პრემიერი, რაც არასწორად მიიჩნია:

“ჩვენ ხომ არჩევნები გველოდება წინ, ელემენტარულ ეთიკასა და ქცევაზე უნდა შეთანხმდეთ. დავალებების მიღება ჟურნალისტების მიერ იქიდან გამომდინარე, მე რას ვამბობ, არ შეიძლება. მე ხომ არასოდეს მედიასთან ურთიერთობის პრობლემა არ მქონია. ეს გამოკიდება რა არის, თუ არის რაიმე შეკითხვები, მითხარით, ნერვებს გაუფრთხილდით… ეს გითრეს ახლა, ეს ჰკითხეო?” – თქვა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მედიაგარემო ტოქსიკურადაც შეაფასა და განაცხადა, რომ თანამედროვე ეპოქაში თითოეული ადამიანი მედიაა [სოცქსელების წყალობით] და მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს თითოეული მოქალაქის “სიმართლის გამავრცელებლად გარდაქმნას”:

“სამწუხაროდ, სანამ აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, მედიასივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური. მე მინდა გთხოვოთ, ამის ნაწილი არ გახდეთ. დღეს არამარტო საქართველოში, გლობალურად ინფორმაცია ჰორიზონტალურად ვრცელდება. ინფორმაციის გავრცელების უამრავი წყაროა, ერთი ცალკეული ადამიანი არის უკვე მედია. ამიტომ ყველანაირად შევუწყობთ ხელს თითოეული ასეთი ჩვენი მოქალაქის მედიასაშუალებად, სიმართლის გამავრცელებლად გრდაქმნას, ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ფეიკპროპაგანდას დავუპირისპირდეთ, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს” ,- ამბობს გახარია კითხვაზე, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ფეიქნიუსებთან ბრძოლას ეხება 3 კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი