ნეტგაზეთი | ერთ მხარეს დარჩა ძველი ოპოზიცია, მეორე მხარეს, “ქართული ოცნება” და ახალი ოპოზიცია – თალაკვაძე ერთ მხარეს დარჩა ძველი ოპოზიცია, მეორე მხარეს, “ქართული ოცნება” და ახალი ოპოზიცია – თალაკვაძე – Netgazeti
RU | GE  

ერთ მხარეს დარჩა ძველი ოპოზიცია, მეორე მხარეს, “ქართული ოცნება” და ახალი ოპოზიცია – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესმა გამოაჩინა, რომ “ევროპული საქართველო” და ” ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას “წარსულში ექაჩება”, “ახალი ოპოზიცია” და “ქართული ოცნება” კი მათ საპირისპირო მხარეს დგას.

“ნამდვილად შემაშფოთებელი იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ორი კვირის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებას, რომ მათ სურდათ ამ [საკონსტიტუციო] ცვლილებების ჩავარდნა. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს დემოკრატიაზე და ასევე ეწინააღმდეგებოდა იმ შეთანხმებას. რომელიც ამ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ დადო საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების წინაშე.

ვფიქრობ, დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალგამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარესაც დარჩა “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” და გამოჩნდა, რომ ისინი წარსულში ექაჩებიან ქვეყანას, მეორე მხარეს დარჩა პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა “ქართული ოცნება” და ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას დაიწყებს და უახლოესი 10 დღის განმავლობაში პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მიიღებს, რომელიც ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს დაეფუძნება.

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 29 ივნისს, მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული მოდელით ჩატარდება.

აღნიშნულ პროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგი წავიდა. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებიც მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი