შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების უფლებადამცველები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ. როგორც ორი დაკავებულის, ვახტანგ ჩიქოვანის და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, ისინი არ ეთანხმებიან წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
“მოსამართლის განჩინება აღკკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით არ ჩაგვბარებია. დღის მეორე ნახევარში ჩაგვბარდება აღნიშნული განჩინება და გაცნობის შემდგომ ჩვენ გავასაჩივრებთ აღნიშნულ განცხადებას სააპელაციო სასამართლოში. ბრალად წარდგენილ ქმედებას მტკიცებულებების საფუძველზე გამოვრიცხავთ როგორც ვახტანგ ჩიქოვანის, ასევე ნიკა ჟვანიას შემთხვევაში”, – განაცხადა ბერიანიძემ.
წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან სხვა დაკავებულის ადვოკატებიც, ერთ-ერთი მათგანის, გიორგი ყიფშიძის თქმით, შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის დააკავეს, რათა ხალხმა იფიქროს, რომ გამოძიება ჩატარდა და დამნაშავეები დაკავებულები არიან:
“ყველაფერი, რაც ამ საქმეში ხდება, ხდება არა იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოხდეს და ვიღაცამ დაანახოს საზოგადოებას, რომ გამოძიება ჩატარდა და დააკავეს 17 მოძალადე. რეალურად, ამ საქმეში მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ნაბიჯს, რომ გამოიკვეთოს, რა დაემართა შაქარაშვილს, რა მოხდა რეალურად. თითქოს ყველა შეგუებულია საგამოძიებო ორგანოებში იმას, რომ ამ ადამიანის დაღუპვა რაღაც უბედური შემთხვევაა, მაგრამ ამ უბედურ შემთხვევამდე ვინ მიიყვანა ეს ადამიან?”, – განაცხადა ყიფშიძემ “მთავარ არხთან” საუბრისას.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა გუშინ, 28 ივნისს შეუფარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, ადვოკატების ნაწილი თავისი დაცვის ქვეშ მყოფთათვის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ნაწილს კი გირაოს შუამდგომლობა ჰქონდა დაყენებული.
შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.
პროკურატურის ცნობით, შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზაც, რომლითაც უნდა დადგინდეს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.