ახალი ამბები

პარლამენტთან ორი აქცია იმართება

29 ივნისი, 2020 • 833
პარლამენტთან ორი აქცია იმართება

პარლამენტის შენობასთან “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.

აქციას მართავენ გიორგი რურუას ახლობლები. ისინი მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და, შესაბამისად, მის გათავისუფლებას ითხოვენ.

დღეს პარლამენტში დაგეგმილია საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება.

პარლამენტთან მეორე აქციას მართავს მოძრაობა “სირცხვილიაც”. ისინი პარლამენტისგან 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებას ითხოვენ.

კენჭისყრაში არ მონაწილეობენ “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებიც გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

2020 წლის 8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა საარჩევნო სისტემაზე. თუმცა, ამის გარდა, შეთანხმების მემორანდუმში  საუბარია მართლმსაჯულებაზეც. ოპოზიცია აცხადებდა, რომ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებდა. გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა, რის საფუძველზეც მათ საპატირმო დატოვეს, თუმცა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა, რომელიც აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა იარაღი “ჩაუდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი