ახალი ამბები

ადვოკატის ცნობით, შაქარაშვილთან მყოფი ერთ-ერთი პირი დაზარალებულად ცნეს

27 ივნისი, 2020 • 1003
ადვოკატის ცნობით, შაქარაშვილთან მყოფი ერთ-ერთი პირი დაზარალებულად ცნეს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვამდე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულად ცნეს. ამის შესახებ ქასრაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მეორე ეპიზოდში, პირველი მანქანა როდესაც გაჩერდა იმ დროს მიიღო დაზიანება. ვინ მიაყენა დაზიანება ვერ ასახელებს იმიტომ, რომ ღამე იყო. ისეთი ღამე იყო თვალთან თითს ვერ მიიტანდი თუ ტელეფონის ან მანქანის შუქით არ გაანათებდი და ამ დროს ვიღაცამ ჩაარტყა არ ვიცი მუშტი თუ სხვა რაიმე საგანი, შეიძლება რკინა ჰქონდა ხელში არ ვიცი იმიტომ, რომ ცხვირი აქვს გატეხილი”, – განაცხადა ქასრაშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ გუშინ, 26 ივნისს 17 პირი დააკავა, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.

დღეს, 27 ივნისს კი პროკურატურამ დაკავებულებისთვის ბრალის წაყენების პროცესი დაიწყო, ბრალი უკვე წარედგინა რამდენიმე პირს, თუმცა პროკურატურაში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ კონკრეტულ რაოდენობას.

შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და, შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით:

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.”, – აცხადებენ უწყებაში.


19 წლის გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო, ცხედარს კი ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხებიც ჯერ ცნობილი არ არის.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. როგორც ტელეკომპანია „მთავართან“ ოჯახის მეგობარი ყვება, შაქარაშვილი გარდაცვალებამდე აგარაკზე გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც იქ მყოფ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მისი თქმით, შაქარაშვილი და მისი მეგობარი ჩხუბში არ მონაწილეობდნენ და ჩხუბში მონაწილე სხვა პირების გაშველებას ცდილობდნენ, წვეულების შემდეგ კი მათ უცნობი პირები გზაზე მანქანით აედევნენ, ისინი კი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ.

შაქარაშვილი ბოლოს მისმა მეგობარმა მაშინ ნახა, როდესაც ხევში სხვა პირთან ერთად ჩარბოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი