ახალი ამბებიეკონომიკა

“ცრუ მოლოდინები ტურიზმს” და კიდევ 1 თვე ფრენების გარეშე

26 ივნისი, 2020 • 2917
“ცრუ მოლოდინები ტურიზმს” და კიდევ 1 თვე ფრენების გარეშე

მთავრობის თავდაპირველი განცხადებების თანახმად, რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა პირველი ივლისიდან უნდა განახლებულიყო. შესაბამისად, უნდა ამუშავებულიყო ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული მრავალი ბიზნესი. თუმცა ეკონომიკის მინისტრის 25 ივნისის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც რეგულარული რეისების აღდგენამ ივლისის ბოლოსთვის გადაიწია, სურათი შეცვალა და გაურკვევლობის განცდა გააჩინა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების ეფექტიანი მართვაა. მისი თქმით, ტურიზმთან დაკავშირებით სახელმწიფო ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელის და სხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდება, რეგულარული ფრენების აღდგენამდე კი ჩარტერული რეისები ინტენსიურად ხორციელდება.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია “ევრონიუსმა” გაავრცელა იმ ქვეყნების სია, რომლებსაც ევროკავშირი შეზღუდვების გაუქმების შემდეგ პირველი ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის. საქართველო ამ ქვეყნებს შორისაა.

სანამ ევროკავშირი ოფიციალურად გაასაჯაროებდა აღნიშნულ სახელმწიფოთა სიას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე არ უღირს რეგულარული რეისების აღდგენა.

“წინა წლის ივლისის ტურისტების რაოდენობის 98% ვერანაირად ვერ აღდგება. თუმცა ეპიდემიის გავრცელებას ათიათასობით ადამიანი არ სჭირდება, 500 ადამიანი ეყოფა ვირუსის გავრცელებას. შესაბამისად, რისკსა და სარგებელს თუ აწონით, თავად გეუბნება, რომ ამ ეტაპზე თავის შეკავება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა”, – ამბობს ივანე მაჭავარიანი.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებზე ქვეყნის მშპ-ის 11.6% მოდიოდა. დასაქმებაში ტურიზმის პირდაპირი წილი კი 10.9%-ს შეადგენდა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მაია სიდამონიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, სანამ კონკრეტულ თარიღებს დაასახელებდა. მისი თქმით, ჯერ დაანონსებული და შემდგომ კვლავ გადავადებული “გახსნა” უკვე აისახა არაერთ ბიზნესზე ქვეყანაში.

“იმის თქმა, რომ პირველი ივლისიდან აღდგება საერთაშრისო ტურიზმი, იყო ძალიან დიდი  მოლოდინის დანერგვა კერძო სექტორს შორის. ასეთმა არასწორმა მოლოდინმა, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრმა თავიდან გახსნა თავისი ობიექტი. მაგალითად, თბილისში მოქმედმა სასტუმროებმა თავიდან მოახდინეს ინვესტირება საოპერაციო ხარჯებში, რაც არ არის ცოტა, რადგან ამ ყველაფერს დაემატა დამატებითი ხარჯები სანიტარული რეგულაციების დასაკმაყოფილებლად”, – უთხრა მაია სიდამონიძემ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, ბიზნესის სექტორსა და საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს. მაგალითად, სიდამონიძეს არ ესმის, რატომ აირჩია ხელისუფლებამ იზოლაციის პოლიტიკა, როცა ევროპის არაერთი ქვეყანა ტურიზმთან დაკავშირებულ შეზღუდვებს შესაბამისი რეგულაციების დაცვით ამსუბუქებს:

“რა არის იმის მიზეზი, რომ ევროკავშირი ხსნის საზღვრებს, მათ შორის, საქართველოს მიმართ [მედიის თანახმად] და ამ დროს საქართველო არავის უხსნის საზღვრებს. ან რა შეიცვლება ერთ თვეში და რატომ ვხსნით, მაგალითად, აგვისტოში?”

ის ასევე ეხმაურება მინისტრის ნათქვამს ჩარტერული რეისების ინტენსიურობაზე:

“დაანონსდა ჩარტერული რეისები საქართველოს ავიახაზებით, რომლებიც მინიმუმ 700 ევროდ ყიდიან ბილეთს. ტურისტებს რომ თავი დავანებოთ, ქართველებმა, რომელთაც საქართველოში დაბრუნება სურთ, 700- ევროიანი ბილეთები უნდა შეიძინონ, როცა შეიძლებოდა, კონკრეტული რეგულარული რეისები ყოფილიყო სხვადასხვა მიმართულებით, სხვა ავიახაზებით. აქაც ჩნდება კითხვა, რატომ ასეთი პრივილეგია, მაგალითად, აირზენას”.

ჩარტერული რეისების ფასები ლადო წითლიძემ გადაამოწმა მას შემდეგ, რაც ნათია თურნავას გუშინდელი განცხადება მოისმინა. ქართველი სტუდენტი, რომელიც შვეიცარიაში იმყოფება, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სასურველი ბილეთის ფასს, რომელიც 1 000 ლარს უახლოვდება. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ შეცვლილმა გადაწყვეტილებამ ყველა გეგმა შეუცვალა და დაფინანსების ამოწურვის გამო საცხოვრებელ ხარჯებს მხოლოდ უნივერსიტეტის კეთილი ნების წყალობით ფარავს.

“როცა 5 დღით ადრე გვითხრეს, რომ  საზღვრები არ იხსნება და მინიმუმ ივლისის ბოლომდე არც გაიხსნება, ყველა გეგმა ამერია, რაც თავში მქონდა. ბილეთების ფასები არანორმალურია, 5-ჯერ და 6-ჯერ ძვირი ნორმალურთან შედარებით. მაშინ, როცა ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს უცხოეთში, ფული საცხოვრებელში, საჭმელში დახარჯეს და ახლა ეს ფასები ხვდებათ, არ ვიცი, ამაზე მეტი დაბრკოლება რა უნდა იყოს.

…ცხოვრებისა და კვების დაფინანსებას უნივერსიტეტი ანაზღაურებდა, ზუსტად დღეს მთავრდება ეს დაფინანსება. უნივერსიტეტმა, გაითვალისწინა რა ეს მდგომარეობა, გამოიჩინა კეთილი ნება და დაფინანსება გამიხანგრძლივა. მთხოვენ, პირველივე შესაძლებლობისთანავე დავტოვო, იმიტომ, რომ უკვე ამოვწურე ჩემი დაფინანსება და კეთილ ნებაზე ვარ გადასული. ცუდი ისაა, რომ ვერ ვეუბნები ზუსტ პასუხს და ესეც დაბრკოლებას მიქმნის”, – აღნიშნავს ლადო წითლიძე “ნეტგაზეთთან საუბრისას.

მის ოჯახს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დანამდვილებით ვერც ის უთხრეს, აღდგება თუ არა რეგულარული ფრენები ივლისის ბოლოდან, როგორც ეს მინისტრმა თქვა.

ივლისის ბოლოს ფრენები რომც აღდგეს, საქართველოს ტურიზმის სექტორი ჩვეულ მდგომარეობას მომდევნო წლის გაზაფხულამდე მაინც ვერ დაუბრუნდება: ასეთია საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის პოზიცია. ის პროგნოზს უცხოეთიდან მიღებული შეკვეთების ვადებიდან გამომდინარე აკეთებს.

“…2021 წლის აპრილის ბოლომდე ასეთი სიტუაცია გვექნება. მასობრივი ტურიზმი რასაც ჰქვია, 2021 წლის აპრილამდე არ ველოდებით. მანამდე იქნებიან ინდივიდუალური თრეველერები, თუმცა, რასაც ჰქვია ჯგუფების ჩამოსვლა, ორგანიზებული ტურიზმი და სხვა, არ ველით”, – განუცხადა ალაცვერდაშვილმა “ნეტგაზეთს”.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, არსებული ვითარება ფრენების განახლების კიდევ გადავადება ტურიზმს “ანადგურებს”. მისი შეფასებით, ეს სექტორი ამჟამად “დაცემულია, ფორთხავს”. თუმცა, მეორე მხრივ, მთავრობის გადაწყვეტილების ესმის.

“ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისთვის ცუდია და ტურიმისთვის – დამღუპველია, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი აუგს ამ გადაწყვეტილებაზე, რადგან ის მიღებულ იქნა ეპიდემიოლოგების მიერ.

მოგეხსენებათ, მთავრობის მეხოტბე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ეტაპზე, რახან ასე თვლიან, ცუდს ვერ  ვიტყვით… გადაწყვიტეს, რომ ეს უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ტურიზმი, რაშიც ლოგიკა ნამდვილად არის”, – თქვა მან.

“ახალგაზრდა გიდების ასოციაციის” დამფუძნებელს, ლაშა ბერეკაშვილს მიაჩნია, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად მთავრობას უფრო ხანგრძლივ პერიოდზე უნდა აეღო სწორება და ბიზნესისთვის “არასწორი მოლოდინები” არ უნდა შეექმნა. მისი თქმით, გიდები სახელმწიფოს თავდაპირველ განცხადებებს მიჰყვნენ და სეზონიც ამის მიხედვით დაგეგმეს.

“წინასწარ შეტყობინებებიც დავგზავნეთ ტურისტებთან, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან, რომ ამ რიცხვებიდან[ივლისის დასაწყისიდან] საქართველო ხსნის საზღვარს და შეეძლებოდათ აქ ვიზიტის განხორციელება. ფსიქოლოგიურადაც და ფინანსურადაც მომზადებულნი ვიყავით ამ თარიღისთვის.

…სამწუხაროდ, არასწორი მოლოდინები უფრო დიდი ზიანის მომტანია კერძო სექტორისთვის, ვიდრე ის, რომ თავიდანვე აეღოთ აგვისტოს პერიოდი ან სექტემბერი. ეს იქნებოდა უკეთესი, ვიდრე არასწორი მოლოდინები”, – აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, სირთულეების ფონზე, გიდების დიდი ნაწილი სახელმწიფოს დაპირებულ ერთჯერად დახმარებასაც ვერ იღებს, რიგი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო. ამის გამო და იმ ფონზე, როცა რეგულარული ფრენები მინიმუმ კიდევ 1 თვე არ იქნება, ბერეკაშვილს აუცილებლად მიაჩნია დახმარების მისაღებად განაცხადების წარდგენის ვადის პირველ აგვისტომდე გახანგრძლივება.

ხელისუფლების თავდაპირველ განცხადებებს ცრუ მოლოდინებად აფასებენ “გიდების საინიციატივო ჯგუფშიც”. ორგანიზაციის წარმომადგენელი ალექსანდრე გიორგიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის პირველი შეცდომა არასწორი მოლოდინების შექმნაა, მეორე კი ის, რომ “შანსი ხელიდან გაუშვა” და საკმარისად არ უზრუნველყო რეგულაციების შემუშავება, რომელთა დაცვითაც ფრენების ნაწილობრივი აღდგენა მაინც იქნებოდა შესაძლებელი.

“ნებისმიერი სახელმწიფო ითხოვს უსაფრთხოების გარკვეულ ნორმებს. ჩვენთან ეს ნორმები ზერელედ იქნა შემუშავებული, ბევრი რამე არ გაითვალისწინეს და, საბოლოო ჯამში, პროტოკოლიც არ დადეს.

…პერსპექტივაში, შეიძლება, იმის იმედი გვქონდეს, რომ შემოდგომის ტურები გადარჩეს. ძალიან ბევრი ფირმა დაიხურა, ბევრმა გიდმა ალტერნატიული სამუშაოს ძიება დაიწყო. სამწუხარო ვითარება გვაქვს”, – აღნიშნავს ის.

ალექსანდრე გიორგიძე ფიქრობს, რომ ტურისტულად ყველაზე აქტიური სამი თვის – ივნისის, ივლისისა და აგვისტოს – ჩაგდება საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს შემოდგომაზე.

“შიდა ტურიზმი ვერ იქნება ალტერნატივა ჩვენთვის. მაქსიმუმ ტურიზმში მომუშავეთაგან 10% დასაქმდეს იქ”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს” და აქვე აღნიშნავს, რომ ალოგიკურია, როცა საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს საზღვარს უხსნის, ქვეყანა კი საპირისპიროდ მოქმედებს.

დღეს ოპოზიციიდანაც გაისმა კითხვები, რატომ არ დაელოდა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას და რატომ გადაწია ფრენების გახსნის ვადები 1 თვით მედიაში გავრცელებული, ზემოაღნიშნული სიის ფონზე. ამ საკითხზე “ევროპულმა საქართველომ” გამართა ბრიფინგი და სახელმწიფოსგან განმარტება მოითხოვა.

“ამ სიის გამოქვეყნებადე ერთი დღით ადრე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ყველა რეგულარული ფრენის გაუქმება 1 თვის ვადით, ჩვენი აზრით, არის, როგორც მინიმუმ, გაუგებარი. ძალიან ბევრი ბიზნესი სულმოუთქმელად ელოდა ბიზნესის გახსნას. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ეკონომიკის გაწირვას და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მოელოდა ფრენების გახსნას, პრაქტიკულად შემოსავლის გარეშე დატოვებას”, – განაცხადა პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

მთავრობის თავდაპირველი გეგმით, ფრენების ეტაპობრივ აღდგენას “ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის” მესამე ეტაპი მოიცავდა. პირველი, მოსამზადებელი ეტაპი კი გულისხმობდა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებებში საქართველოს ინტეგრირებას, უსაფრთხო დერეფნების შექმნას და ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს ოპერირების განახლების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი