ახალი ამბები

მაჭავარიანის თქმით, მთავრობას ამ ეტაპზე ფრენების აღდგენა არ უღირს

26 ივნისი, 2020 • 1660
მაჭავარიანის თქმით, მთავრობას ამ ეტაპზე  ფრენების აღდგენა არ უღირს

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, 26 ივნისს, ჟურნალისტებთან განმარტა, რატომ გადaწყვიტა მთავრობამ საერთაშორისო რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადება.

როგორც მინისტრმა ჟურნალიტებს უთხრა, პანდემიის გამო ადამიანებში მოგზაურობის სურვილი ისედაც მცირეა, შესაბამისად, “ამ ეტაპზე მთავრობას საზღვრის გახსნა არ უღირს”. გარდა ამისა, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოს ტურიზმის შემოსავლების დიდ ნაწილს გასულ წლებში სახმელეთო გზით მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები შეადგენდნენ. ამ ეტაპზე მათთან ეპიდემიური ვითარების გამო საზღვარს ვერ გახსნიან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ისედაც მცირე ვიზიტებისთვის, რომელსაც ეპიდემიური რისკი ახლავს თან, საზღვარს ჯერ ვერ გახსნიან:

“ერთი თვე კიდევ დალოდება და ანალიზი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და გაცილებით უფრო მაღალი წონის მატარებელია. წინა წლის ივლისის ტურისტების რაოდენობის 98% ვერანაირად ვერ აღდგება. თუმცა ეპიდემიის გავრცელებას ათიათასობით ადამიანი არ სჭირდება, 500 ადამიანი ეყოფა ვირუსის გავრცელებას. შესაბამისად, რისკსა და სარგებელს თუ აწონით, თავად გეუბნება, რომ ამ ეტაპზე თავის შეკავება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა”, – ამბობს მაჭავარიანი.

გუშინ, 25 ივნისს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 31 ივლისამდე გადაიდო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა საზღვარგარეთ ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებში, რომლებსაც ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ და მათი უკან დაბრუნება მოუწიათ. როგორც ფეისბუკზე, სხვადასხვა თემატურ ჯგუფში წერენ, ხშირად, “ჯორჯიან ეარვეიზის” ჩარტერულ რეისებზე ბილეთის ღირებულება 2 ათას ლარს აჭარბებს, რაც მათთვის ძვირია.

მასალების გადაბეჭდვის წესი