საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ რეგულარული ფრენების აღდგენას საქართველოს მთავრობა ივლისის ბოლომდე გადაავადებს. ამის შესახებ მან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის მიმართულებით შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად სახელმწიფო ევროკავშირის პოზიციასაც ელის.
“დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული [ფრენები], საკმაოდ რეგულარულად, დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება და ამ პრაქტიკას განვაგრძობთ ჯანდაცვისა და და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით. რაც შეეხება ტურიზმს, ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რომელიც ძალიან ცვალებადია”, – თქვა მან.
თურნავას განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვაა, რის გამოც “ფრთხილად მოეკიდება” ტურისტებისა და საერთაშორისო ვიზიტორების საკითხს:
“იქნება რამდენიმე მიმართულება. ბიზნესმიმართულებისთვის, სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და იქნება მალე საჯარო. იქნება, მართალია, ძალიან დაცული რეგულაციები, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე ველით ამ დღეებში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ თავის წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარი მიმოსვლისთვის და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით”, – აღნიშნა მინისტრმა.