გორში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, 1969 წელს დაბადებულ პირს ბრალი სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით წაუყენეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა”,-აცხადებენ შსს-ში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, 26 ივნისს, ენმ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორში მათი ცენტრალური ოფისი დაარბიეს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამსხვრეულია ოფისის შუშები და დამტვრეულია კომპიუტერები.