ახალი ამბები

ვადასტურებ, რომ 17 პირია დაკავებული – შაქარაშვილის ბიძა

26 ივნისი, 2020 •
ვადასტურებ, რომ 17 პირია დაკავებული – შაქარაშვილის ბიძა

გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა ადასტურებს, რომ მისი ინფორმაციითაც, საქმეზე 17 პირია დაკავებული. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა.

რამდენიმე დღის წინ დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს დილით ახალგაზრდები დააკავეს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. დეტალებზე კი არ ისაუბრეს.

შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ჯერჯერობით არ იცის, რა მუხლით წაუყენებენ ბრალს დაკავებულებს. რამდენიმე ადვოკატის ინფორმაციით, საუბარია 126-ე მუხლზე, რაც ძალადობას გულისხმობს.


19 წლის გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო, ცხედარს კი ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხებიც ჯერ ცნობილი არ არის.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. როგორც ტელეკომპანია „მთავართან“ ოჯახის მეგობარი ყვება, შაქარაშვილი გარდაცვალებამდე აგარაკზე გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც იქ მყოფ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მისი თქმით, შაქარაშვილი და მისი მეგობარი ჩხუბში არ მონაწილეობდნენ და ჩხუბში მონაწილე სხვა პირების გაშველებას ცდილობდნენ, წვეულების შემდეგ კი მათ უცნობი პირები გზაზე მანქანით აედევნენ, ისინი კი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ.

შაქარაშვილი ბოლოს მისმა მეგობარმა მაშინ ნახა, როდესაც ხევში სხვა პირთან ერთად ჩარბოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი