ახალი ამბები

საარჩევნო რეფორმა ფართო მხარდაჭერის ფონზე უნდა განხორციელდეს – ჰარცელი

25 ივნისი, 2020 • 1314
საარჩევნო რეფორმა ფართო მხარდაჭერის ფონზე უნდა განხორციელდეს – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა მხარე სრულად გაითვალისწინებს მის პირობებს. ჰარცელს აღნიშნული საკითხის სრულყოფა და საკონსტიტუციო ცვლილებების ყველა მხარის მიერ მხარდაჭერა არჩევნების სრულფასოვნად ჩატარების წინაპირობად მიაჩნია.

“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აუცილებელია 8 მარტის შეთანხმებაში და მის სრულად შესრულებაში ორივე მხარემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს. საუკეთესო პრაქტიკები გვეუბნება, რომ როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას ეხება, რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

ეს არის ნიშანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მის ფარგლებს გარეთ, მთელი მსოფლიოსთვის, რათა ეს იყოს იმის ნიშანი, რომ თამაშის წესები შეთანხმებულია. იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე სრულად გაითვალისწინებს 8 მარტის შეთანხმების პირობებს და საკონსტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენას დაესწრებიან. ეს იქნება არჩევნების სრულყოფილად ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობა”, – აღნიშნა მან. კომენტარის თარგმანს “რუსთავი2” ავრცელებს.

ჰარცელის მსგავსად, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც გამოთქვამს იმედს, რომ პროცესები საერთო თანხმობით დასრულდება. დეგნანის თქმით, იმედი აქვს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმება ბოლომდე შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს კი პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება.

საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა 23 ივნისს, მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა: “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ თუ პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ “მთავარი არხის” დამფუძნებელ გიორგი რურუას, ისინი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. “ევროპულმა საქართველომ” კი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, მეორე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

8 მარტის შეთანხმების მონაწილე ელჩებმა 19 ივნისს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ახალი საარჩევნო სისტემა II მოსმენითაც მიიღეს

ახალი საარჩევნო სისტემა II მოსმენითაც მიიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი