ახალი ამბები

სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

25 ივნისი, 2020 • 969
სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ რურუას ინტერესების დამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა.

როგორც ის ამბობს,  არ ჰქონდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების იმედი.

“როდესც ჩვენ შუამდგომლობაზე გვეპასუხება ჯერ პროკურატურა და მერე მოსამართლე, ყოველთვის იყენებენ აბსტრაქტულ ფრაზებს, რომ მიიმალება, საზღვარგარეთ კავშირები აქვს, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, მაგრამ კონკრეტიკა, თუ რატომ მიიმალება, რა გვაძლევს ამის ვარაუდის საფუძველს, ან რატომ ჩაიდენს ახალ დანაშაულს იმ პირობებში, როდესაც ადამიანი არ არის ნასამართლევი, ეს კონრკეტიკა არ გვესმის არასდროს ბრალდების მხარისგან. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, არ გვესმის მოსამართლის მხრიდან”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

რურუას საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის ცნობით, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან საქმეში არ გამოკვეთილა ახალი გარემოება.


რურუა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთა გათავისუფლებას ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საარჩევნო სისტემის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა და მათ საპატიმრო დატოვეს, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების შესრულებამდე გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო დარჩენილი.

რურუა 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი