ახალი ამბები

„ცხვირ-პირში მოხვდებათ სიმართლის მუშტი“ – კალაძე „ფეიკნიუსებთან ბრძოლას“ აანონსებს

24 ივნისი, 2020 • 1476
„ცხვირ-პირში მოხვდებათ სიმართლის მუშტი“ – კალაძე „ფეიკნიუსებთან ბრძოლას“ აანონსებს

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახი კალაძე აცხადებს, რომ 25 ივნისიდან ფეისბუკზე იწყებს გადაცემას/ჩართვებს, რითაც „ფეიკნიუსებს“, ანუ ყალბ ახალ ამბებს შეებრძოლება.

„ყველას [ვინც ფეიკნიუსებს ავრცელებს] ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, – თქვა კალაძემ ინიციატივის დაანონსებისას, 24 ივნისს, ფეისბუკზე, პირდაპირ ეთერში.

კალაძემ ოპოზიციას „დესტრუქციული“ უწოდა და თქვა, რომ მათ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტეს „ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს“. ამ კონტექსტში ახსენა მან „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“:

„ისმის კითხვა, რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“ და მათთან ასოცირებულ „ფეიკნიუსების“ გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები“, – თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, მისი გუნდი გრძნობს პასუხისმგებლობას, „არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი ის სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და თავიანთი მედიასაშუალებებით ავრცელებენ“.

„ასე რომ, ვიწყებთ, თითოეულ ფეიკ-ბრალდებაზე, რაც არ უნდა სისულელე იყოს, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ, რაციონალურ პასუხს“, – განაცხადა თბილისის მერმა და დადო პირობა, რომ უჩვენებენ, „როგორც ცდილობენ კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

კალაძის თქმით, პირველი გადაცემა/ჩართვა 25 ივნისს, 22 საათზე ექნება: „ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, – თქვა მან.


„ფეისბუკმა“ 2019 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ წაშალა ასზე მეტი ქართული გვერდი, რომელთა უკანაც ყალბი ანგარიშები იდგა და საქართელოს მთავრობასთან და სარეკლამო კომპანია „პანდასთან“, იყო დაკავშირებული.

მოგვიანებით, 2020 წლის აპრილის ბოლოს, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა ანალიტიკურ დოკუმენტში დაწერა, რომ საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად შეინიშნება დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის საინფორმაციო ნაკადების გააქტიურება როგორც რუსეთიდან მართული, ასევე, ქვეყნის შიგნით შექმნილი საინფორმაციო წყაროების მიერ.

1 მაისისთვის კი ფეისბუქზე აღარ იძებნებოდა არაერთი ქართული  გვერდი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალისა და წარმომადგენლების დისკრედიტაციის შემცველ მასალებს პერიოდულად ავრცელებდა ხოლმე. საქმე ეხებოდა ცრუ მედიაგვერდების ქსელს, რომელზეც ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ კვლევა 30 აპრილს გამოაქვეყნა. ასევე, აღარ იძებნებოდა როგორც პროსამთავრობო, ისე ანტისამთავრობო გვერდები და მათი სავარაუდო მმართველების ანგარიშები…

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი