ახალი ამბები

ფბ-დან პროსამთავრობო და ანტისამთავრობო გვერდების ნაწილი გაქრა

1 მაისი, 2020 •
ფბ-დან პროსამთავრობო და ანტისამთავრობო გვერდების ნაწილი გაქრა

ფეისბუქზე აღარ იძებნება რიგი ქართული  გვერდები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალისა და წარმომადგენლების დისკრედიტაციის შემცველ მასალებს პერიოდულად ავრცელებდნენ ხოლმე.

საქმე ეხება ცრუ მედიაგვერდების ქსელს, რომელზეც ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” კვლევა გუშინ, 30 აპრილს გამოაქვეყნა. ასევე, აღარ იძებნება როგორც პროსამთავრობო, ისე ანტისამთავრობო გვერდები და მათი სავარაუდო მმართველების ანგარიშები.

ცრუ მედიის ქსელი – კოორდინირებული საინფორმაციო სააგენტოს ტიპის ცრუ მედიის გვერდები – ჯამში, “სამართლიანი არჩევნების” მონაცემებით, 14 გვერდს მოიცავდა და უმეტესობა ერთსა და იმავე დღეს – 2019 წლის 27 მაისს შეიქმნა. ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ ქსელი “შენიღბულად და ერთგვაროვანი ტაქტიკის გამოყენებით ცდილობს პროსახელისუფლებო გზავნილების არაავთენტურად გავრცელებას და კრიტიკული აზრის დემონიზებას”.

14 ცრუ მედიის გვერდი ISFED-ის ანგარიშის მიხედვით

დღეისათვის აღნიშნული გვერდები აღარ იძებნება. წაშლილი ან თვითდეაქტივირებულია გამოცემა „ეS პერსონას“ ყოფილი ჟურნალისტის, ნათია ბერიძის პირადი ანგარიშიც, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავდა, ზემოაღნიშნულ ქსელში შემავალი”მთავარი ამბების” გვერდს მართავდა. პროფილი სახელით Nika Sidamonidze, რომელიც ქსელის მასალებზე განსაკუთრებით აქტიურობდა და ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლილი ადამიანის იდენტობა ჰქონდა მოპარული, ასევე აღარ იძებნება ფეისბუქზე.

ფეისბუქიდან მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანაშრომლის, კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული სააგენტოს, “ეS პერსონას” ძველი გვერდიც გაქრა. “ფეისბუქზე” აღარ ჩანს თავად კოკა ყანდიაშვილის ძველი პროფილიც. მის, სავარაუდოდ, ახალ ანგარიშზე კი, რომელიც დღეს, რამდენიმე საათის წინ, შეიქმნა, პირველი პოსტი პირველი მაისით თარიღდება. 1 მაისსაა შექმნილი “ეS პერსონას” ახალი გვერდიც. კოკა ყანდიაშვილი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ სამთავრობო “ტროლების ქარხნის” ნაწილის მართვაში, რასაც თავად უარყოფდა.  “ნეტგაზეთი” მეტი დეტალის გარკვევას თავად ყანდიაშვილთან ცდილობს.

სოციალურ ქსელში აღარ ჩანს პროსამთავრობო და ანტისამთავრობო გვერდების ნაწილიც, ასევე, მათი ადმინისტრატორების პროფილები. “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ასეთ გვერდებს შორისაა ოპოზიციის საწინააღმდეგო “ორი გვამი უნდათ”, “იყავი და გაგეკეთებინა”; ” პოლიტიკური სანაგვე”.

ასევე, ანტისახელისუფლებო გვერდები: “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”, “ბრძენი ქოცი”, “რეზიდენტი სალომე” და სხვა.

ამ დროისთვის ფეისბუკზე აღარ ჩანს ფარნაოზ ჭკადუას ნაგარიშიც. ფარნაოზ ჭკადუა ენმ-სთან აფილირებული “თავისუფალი ზონის” აქტივისტი იყო და  ფეისბუკზე ანტისამთავრობო გვერდს “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”  მართავდა. ჭკადუამ შემდეგ პოლონეთს მიმართა პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით. ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა 2019 წელს.

“პოლონეთის ემიგრაციის სამსახურს მივეცი ჩვენება ფარნაოზ ჭკადუასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე. ფარნაოზ ჭკადუა აქტიური ნაციონალია ფბ-ზე, რამდენიმე ყველაზე აქტიური გვერდის ადმინისტრატორია და შარშან, საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისას, ივანიშვილის ხელისუფლებამ განაჩენი გამოუტანა და 4 წელი მიუსაჯეს “ჩხუბში” მონაწილეობისთვის. ფარნაოზი ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. სამწუხაროა, რომ ასეთ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად სიარული არ შეუძლიათ. ეს სიტუაცია მალე შეიცვლება. საქართველოში უნდა გათენდეს”, –დაწერა მაშინ სააკაშვილმა.

ISFED-მა მანამდე გაავრცელა ცნობა, რომ ახლახან “ფეისბუქმა” წაშალა რუსული სააგენტო News-Front-ის ქსელი, როგორც საქართველოში, ასევე, სხვა ქვეყნებში. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია გულბაათ რცხილაძემაც დაადასტურა, რომელიც 1-ელ მაისამდე “ნიუსფრონტ-საქართველოს” მთავარი რედაქტორი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, წაიშალა თუ არა ზემოთ აღნიშნული გვერდები და პროფილები “ფეისბუქის” ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით. “ნეტგაზეთი” კითხვაზე პასუხს სოციალური ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან ელის.

“სავარაუდოდ, სახეზე გვაქვს Facebook-ის მიერ მასშტაბური ოპერაცია (ე.წ. takedown) დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის მიზნით მოქმედი ქსელების პლატფორმიდან წასაშლელად. თუმცა, დეკემბერში მსგავსი ოპერაციის შემდეგ, რიგმა ასეთმა გვერდმა და ჯგუფმა თვითდეაქტივაციას მიმართა. ამდენად, არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი “ფეისბუქის” ნაცვლად თავისი ინიციატივით მიმალულიყვნენ არაავთენტური ქმედებების კვალის წასაშლელად. ახლა საინტერესო იქნება “ფეისბუქის” ოფიციალური ანგარიში, რომლის შემდეგაც შეგვეძლება უფრო დეტალურად შევაფასოთ ვითარება”, – წერს მიხეილ ბენიძე ფეისბუკზე.

2019 წლის დეკემბერში, Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

Facebook-ის ცნობითვე, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერდა მაშინ Facebook-ი.

ამავე თემაზე ნახეთ

ცრუ მედიის ქსელი ფეისბუკზე და არა მხოლოდ – ISFED-ის ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი