ახალი ამბები

მშენებლობის ღირებულება 1 წელში 5.1%-ით გაიზარდა, კვარტალში 4.3%-ით შემცირდა

24 ივნისი, 2020 • 1193
მშენებლობის ღირებულება 1 წელში 5.1%-ით გაიზარდა, კვარტალში 4.3%-ით შემცირდა

საქსტატის თანახმად, 2020 წლის I კვარტალში (ანუ პირველ სამ თვეში) მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა.

ეს კვარტალური ცვლილება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.3%-იანი კლებით, რამაც -5.01 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

თუმცა მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა.

„ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.5- პროცენტიანი ზრდით, ასევე, სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტით ზრდით, რაც, შესაბამისად, 2.58 და 1.93 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე“, – განმარტავს საქსტატი.

ქვემოთა ცხრილში წარმოდგენილია 2020 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები:

მშენებლობის
ღირებულების ინდექსი. წყარო: საქსტატი

მშენებლობის ღირებულების ინდექსი
(წინა წლის შესაბამისი კვარტალი = 100). წყარო: საქსტატი


მშენებლობის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების ფასების დონის საშუალო მაჩვენებელს საბაზო პერიოდთან შედარებით (ინდექსი არ ასახავს სამშენებლო ტექნოლოგიების ან საწარმოო ფაქტორების მწარმოებლურობის ცვლილებას).

უწყების მეთოდოლოგიის დოკუმენტის თანახმად, ინდექსის გაანგარიშებისათვის საჭირო ფასების შეგროვება ხდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ ორგანიზაციებში, მათ მიერ ბაზარზე მიწოდებულ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე.

ვრცლად მეთოდოლოგია:

მასალების გადაბეჭდვის წესი