ახალი ამბები

იმედი მაქვს, მესამე მოსმენაზე 142 ხმა ექნება — ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

23 ივნისი, 2020 • 882
იმედი მაქვს, მესამე მოსმენაზე 142 ხმა ექნება — ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმება და იმედი აქვს, რომ უკვე მესამე მოსმენისას, 29 ივნისს, მას 142 მხარდამჭერი ეყოლება, როგორც 8 მარტის შეთანხმებისას.

„მივესალმები საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მეორე მოსმენით. ვწუხვარ, რომ ეს პატარა განსხვავებით [მისაღებად საჭირო ხმებსა და მხარდამჭერებს შორის რაოდენობაში] მოხდა და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება კვლავ აღორძინდება და 29 ივნისს, საბოლოო ხმის მიცემისას, 8 მარტის მსგავსად, 142 ხმა ექნება“, — წერს იგი „ტვიტერში“.


საქართველოს პარლამენტმა დღეს, 23 ივნისს, გამართულ  სხდომაზე მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

115-მა დეპუტატმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით. წინააღმდეგი წავიდა  3 დეპუტატი.

ამ ცვლილებების საბოლოოდ მიღებას, სულ მცირე, 113 ხმა სჭირდებოდა. რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა. ერთმა თავი შეიკავა.

ცვლილებებისთვის მხარდაჭერას აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები, კონსერვატორები, ასევე, სოციალ-დემოკრატებისა და პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ თუ პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ “მთავარი არხის” დამფუძნებელ გიორგი რურუას, ისინი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. “ევროპულმა საქართველომ” კი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, მეორე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

პარტიაში აცხადებდნენ, რომ ამის მიზეზი იყო, რათა ხელისუფლებას არ ჰქონოდა პირველივე მოსმენაზე პროექტის ჩაგდების საბაბი, თუმცა, თუ პატიმრობიდან არ გათავისუფლდება გიორგი რურუა, ისინი ცვლილებებისთვის მხარდაჭერას მე-2 და მე-3 მოსმენისას არ აპირებენ.

8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა 19 ივნისს გაავრცელეს განცხადება და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი