ახალი ამბები

კილაძე: როცა NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ნიშნავს, სწორ გზაზე დგახარ

23 ივნისი, 2020 • 1958
კილაძე: როცა NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ნიშნავს, სწორ გზაზე დგახარ

“როცა ენჯეოების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი სოფიო კილაძე NGO-ების საერთო განცხადებას, რომლებიც მის წინააღმდეგ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს მიმართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ და აცხადებენ, რომ საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს რეკომენდაციების უგულებელყოფით შეარჩია.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ 2020 წლის მეორე ნახევარში, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი რიგით მეთვრამეტე სესიაზე (კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოთა კონფერენცია) კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს, სოფიო კილაძე კი, რომელიც ამ თანამდებობაზე საქართველომ წარადგინა, მათი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით.

ხელმომწერ ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, სოფიო კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან მათი განცხადებით, არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გაერო ითხოვს, ეს პროცესი ითვალისწინებდეს ღია კონკურსის ჩატარებას და მოთხოვნას, რომ უნდა შეირჩეს ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს მაღალ მორალურ სტანდარტებს და აქვს ცოდნა და გამოცდილება კონკრეტულ სფეროში. განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ სოფო კილაძის შერჩევისას დარღვეულია ეს მოთხოვნები. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის სოფო კილაძის ამბავი დაგვიანებით გაიგო.

NGO-ები კილაძის წინააღმდეგ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი