ახალი ამბები

NGO-ები კილაძის წინააღმდეგ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ

22 ივნისი, 2020 • 1860
NGO-ები კილაძის წინააღმდეგ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ და აცხადებენ, რომ საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს რეკომენდაციების უგულებელყოფით შეარჩია.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ 2020 წლის მეორე ნახევარში, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი რიგით მეთვრამეტე სესიაზე (კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოთა კონფერენცია) კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს, სოფიო კილაძე კი, რომელიც ამ თანამდებობაზე საქართველომ წარადგინა, მათი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით.

“ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად, უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით. ხელმომწერი ორგანიზაციები ვთვლით, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ცნობილი უნდა იყოს კომიტეტისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე. სწორედ ამის გამო გიზიარებთ ჩვენი პოზიციის დასაბუთებას და გთხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ის გაითვალისწინოთ” ,- აცხადებენ NGO-ები.

ხელმომწერ ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, სოფიო კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან მათი განცხადებით, არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გაერო ითხოვს, ეს პროცესი ითვალისწინებდეს ღია კონკურსის ჩატარებას და მოთხოვნას, რომ უნდა შეირჩეს ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს მაღალ მორალურ სტანდარტებს და აქვს ცოდნა და გამოცდილება კონკრეტულ სფეროში. განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ სოფო კილაძის შერჩევისას დარღვეულია ეს მოთხოვნები. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის სოფო კილაძის ამბავი დაგვიანებით გაიგო.

“სოფიო კილაძის წარსული გამოცდილება არ ფარავს ბავშვთა უფლებების სფეროს, მას არ აქვს აკადემიური ან სხვა სახის სამეცნიერო სამუშაოები ჩატარებული ამ მიმართულებით, რაც დაადასტურებდა მის საექსპერტო და უფლებადაცვით გამოცდილებას, რომელიც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოეთხოვება კომიტეტის წევრობის კანდიდატს”, -აცხადებენ არასამთავრობოები.

მათივე ცნობით, სოფიო კილაძემ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვაზე მომუშავე თითქმის ყველა ორგანიზაციას (49 ორგანიზაცია), არ ჩართო ბავშვის უფლებების კოდექსის შემუშავებისა და განხილვის პროცესში, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოება იძულებული გახდა საჯაროდ გამოეთქვა უკმაყოფილება და მოეთხოვა სამოქალაქო სექტორის პროცესში ჩართვა. მოთხოვნის მიუხედავად, პროცესში არ იყვნენ ჩართული თავად ბავშვები.

არასამთავრობოები ასევე წერენ, რომ სოფიო კილაძესთან დაკავშირებით სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც ის ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ კანდიდატად. კერძოდ, ის ამ დრომდე არის პარლამენტისა და მმართველი პარტიის წევრი.

არასამთავრობოები საუბრობენ კილაძის რეპუტაციულ პრობლემებზე და ხაზს უსვამენ, რომ ის გამოირჩევა სამოქალაქო სექტორთან ღია და ცხადი დაპირისპირებით.

“ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით. მას აქვს მილიტარისტული მოტივები ბავშვებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ბავშვებში უნდა ჩადოს ინვესტიცია, რომ გახდნენ ჯარისკაცები და ემსახურონ ქვეყნის სამხედრო ძალებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტქ თემის მიმართ”, – წერენ არასამთავრობოები.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები (52 ორგანიზაცია) გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ თხოვნით, გაითვალისწინოს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები კომიტეტის წევრების არჩევის პროცესში და არ დაუშვას სოფიო კილაძის შერჩევა ამ პოზიციაზე. საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად არიან დამატებითი კორესპონდენციისა და კომუნიკაციისთვის.

ხელმომწერები:

  1. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის – 24 ხელმომწერი ორგანიზაცია;
  2. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  3. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  4. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  5. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  6. კავშირი „საფარი“;
  7. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
  8. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  9. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  10. ადამიანის უფლებათა ცენტრი(HRC);
  11. თანასწორობის მოძრაობა;

სხვა ორგანიზაციები:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI);
  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  3. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო;
  4. მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE);
  5. თბილისი პრაიდი – Tbilisi Pride;
  6. იდენტობა-youth;
  7. ქვიარ ასოციაცია „თემიდა“;
  8. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი;
  9. საქართველოს პორტიჯის ასოციაცია;
  10. მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  11. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  12. ცენტრი „ემპათია“;
  13. ქალთა ფონდი საქართველოში;
  14. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD);
  15. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია;
  16. კავშირი ქალი და რეალობა;
  17. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი