რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ შერინს სურს, ქართველი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, რომელმაც წინა წლის ზაფხულში პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინს აგინა, რუსული კანონმდებლობის ერთ-ერთი მუხლით — „ხელისუფლების წარმომადგენლის შეურცხაყოფისთვის“ დასაჯონ. ამის შესახებ მან „ცარგრადთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„არსებობს მუხლი ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფის შესახებ. ის უნდა გამოვიყენოთ, ალბათ, ამ ჟურნალისტის მიმართ. აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და შემდეგ, უბრალოდ, მოვითხოვთ ამ პიროვნების [გადაცემას]“, — განაცხადა შერინმა.
აგრეთვე, მისი თქმით, გაბუნიამ თავისი პირადი აზრი გამოხატა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კი რუსეთის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი. შერინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა საქართველოს ინტერესაშია, რადგანაც ტურიზმის შემოსავლის ძირითადი ნაწილი საქართველოსთვის რუს ტურისტებზე მოდის.
15 ივნისს ფორმულამ და შემდეგ „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
ეს ინფორმაცია იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. გვარამია ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაციით, ამ გეგმის შესახებ თავდაპირველად უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შეიტყვეს და ქართულ მხარეს შეატყობინეს. გვარამიას თქმით, მას ინფორმაცია გაბუნიას მკვლელობის გეგმის შესახებ სუს-იდან აქვს. ის წყაროს არ ასახელებს.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ მოქალაქეს ბრალს, მათ შორის, ედავებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტს, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა საუბარი გიორგი გაბუნიაზე.
გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი. კადიროვმა ტელეწამყვანს „ურჩია”, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე „მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”. ბლოგერმა კი გიორგი გაბუნია ბრძოლაში გაიწვია.
რუსეთის მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად საბუთების გაყალბების საქმეში ედება. მისი ადვოკატი სამართლებრივ პოზიციაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.