ახალი ამბები

კადიროვის მუქარას გაბუნიას მიმართ საფრთხედ მივიჩნევთ  – გვარამია

11 ივლისი, 2019 • 2552
კადიროვის მუქარას გაბუნიას მიმართ საფრთხედ მივიჩნევთ  – გვარამია

მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ის წამყვანმა  პირდაპირ ეთერში პუტინს აგინა, გიორგი გაბუნიას დაემუქრნენ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და რუსი ბლოგერი. 

“ნეტგაზეთი” დაინტერსდა, აღიქვამს თუ არა ამას რეალურ საფრთხედ რუსთავი 2 და მიღებულია თუ არა ზომები ტელეწამყვანის უსაფრთხოებისთვის. 

“ჩემთვის პრობლემატურია კადიროვის მუქარა და შემდეგ უკვე პრინციპში პუტინის მიერ გამყარებული ნარატივი ამ ანგარიშსწორებების თაობაზე და მე მიმაჩნია, რომ ეს საფრთხეა. ისინი არ არიან სამყაროში ყველაზე უსაფრთხო ადამიანები, არ ვუყურებ ამას არასერიოზულად, პირიქით, ღრმად სერიოზულად ვაფასებ”, – უთხრა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა  “ნეტგაზეთს”. 

კითხვაზე, მიღებულია თუ არა უსაფრთხოების ზომები და ჰყავს თუ არა გიორგი გაბუნიას დაცვა, გვარამია გვაპასუხობს, რომ ამ საკითხზე ღიად ლაპარაკი საჭიროდ არ მიაჩნია.

“ნეტგაზეთმა”  შინაგან საქმეთა სამინისტროსაც  ჰკითხა ამ თემაზე, თუმცა მათგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.  ასევე ვერ დავუკავშირდით თავად გიორგი გაბუნიას. 

რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 7 ივლისს პირდაპირ ეთერში აგინა. ამ ფაქტს მყისიერად უწოდეს პროვოკაცია საქართველოს ხელისუფლების ლიდერებმა, რუსთავი 2-ის შენობასთან აქციების გაიმართა, ხოლო რუსეთის დუმამ მიიღო გადაწყვეტილება სანქციების დაწესების თაობაზე, რასაც პუტინი არ დაეთანხმა. თუმცა ამას გარდა გავრცელდა მუქარებიც ჟურნალისტის მიმართ. 

 ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას “ურჩია”, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე “მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.  ერთ-ერთმა რუსმა ბლოგერმა კი გიორგი გაბუნია ბრძოლაში გაიწვია. 


ავტორი: თემო მელიქიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი