ახალი ამბები

ნამდვილად აღარ ვართ “ნაცების ტელევიზია” — გაბუნია

4 სექტემბერი, 2023 • 5319
ნამდვილად აღარ ვართ “ნაცების ტელევიზია” — გაბუნია

“გასაგები იყო, რომ ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული და ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამაყით და ბედნიერებით ვთქვა… [არის ის, რომ] ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად”, — დასძინა “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ ამავე არხის შუადღის ეთერში საუბრისას.

გადაცემაში “შენი შუადღე” მიწვეულმა გაბუნიამ ილაპარაკა “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობის პერიოდზე, როცა ტელევიზია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა და ფინანსურ კრიზისზე, რომელმაც მრავალი სირთულე შეიტანა ტელეარხის დღის წესრიგში.

გარდა ამისა, გაბუნიამ ვრცლად ისაუბრა არხის სარედაქციო პოლიტიკაზეც, რომელიც, რიგ შემთხვევებში, “ძირეულად” შეიცვალა.

გვარამიას პატიმრობა, კრიზისი და “სიგნალები”

გიორგი გაბუნიამ 4 სექტემბრის ეთერში გაიხსენა 2022 წლის მაისის შემდგომი პერიოდი, როცა “მთავარი არხის” ხელმძღვანელობა გადაიბარა მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დამფუძნებელი ნიკა გვარამია დააპატიმრეს. მისი თქმით, ეს მოხდა მაშინ, როცა კომპანიას უკვე “ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები” ჰქონდა.

გაბუნიამ არ დააკონკრეტა ვისგან, თუმცა თქვა, რომ პირველივე კვირებში დაიწყო მასთან “სიგნალების გამოშვება, რომ გიორგი, უკეთესია, არხი დახუროო”.

“არ დავაკონკრეტებ ვისგან მოდიოდა ეს. ძალიან მაღალი ეშელონებიდან და თან, ბევრი. შეტევა იყო, ფაქტობრივად. ვგრძნობდი, ფიქრობდნენ, რომ გიორგი ისედაც კატასტროფულ სიტუაციაშია, მყარად ვერ გრძნობს თავს და ადვილი წასაქცევი იქნებაო”, — აღნიშნა მან.

გაბუნიას თანახმად, ასეთ გზავნილებს იღებდა ადამიანებისგანაც, რომლებიც “მეგობრებად” პოზიციონირებენ. მისივე სიტყვებით, ბევრჯერ მოისმინა “აბსურდული თეორიაც”, რომ არხის დახურვის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას დასახმარებლად უნდა მიეღო.

“ეს აბსურდული თეორია ძალიან ბევრჯერ მითხრეს: ნიკას ეს სტრასბურგში დასჭირდება, რადგან ახლა მხოლოდ თეორიაა, რომ ნიკა თითქოს არხის დასახურად დაიჭირეს, მაგრამ რეალურად რომ დაიხურება არხი, უკვე ფაქტი იქნება, რომ დაიხურაო”, — აღნიშნა მან.

გიორგი გაბუნიას განცხადებით, თავადაც და სხვა თანამშრომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არხს მუშაობა გაეგრძელებინა. როგორც აღნიშნა, ამისათვის მოუწია მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებაც — თანამშრომელთა ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლება და დარჩენილთა ხელფასების შემცირება. თუმცა, დირექტორის თქმით, აღმოჩნდა, რომ არც ეს ნაბიჯი იყო საკმარისი.

“ნიკა ახალი დაპატიმრებული იყო, როცა ჩვენ აღმოვჩნდით სრულიად მარტო… პარტნიორებისგან იყო ასეთი შემოთავაზება, რომ მტკივნეული ოპერაცია უნდა ჩაატაროთ, უნდა შეამციროთ კადრები და ხელფასებიო”.

ჩვენ გვითხრეს, რომ გარკვეულ ნიშნულს გაძლევთ და ბიუჯეტს თუ დაწევთ ამ დონეზე, პრობლემა არ გექნებათ, ჩვენ დაგეხმარებითო. ორ კვირაში ჩვენ ეს ძალიან მძიმე ოპერაცია ჩავატარეთ. გუნდმა არაჩვეულებრივად მიიღო და მადლობა უნდა ვუთხრა მათ ამისთვის, რადგან უმძიმესია ამ სიტუაციაში როცა ვიღაცებს ეუბნები, რომ შენ მიდიხარ სამსახურიდან, შენ რჩები, ხოლო ვინც რჩებით, [ხელფასს] გიმცირებთ არც თუ ისე ცოტათი…

როდესაც ეს გავაკეთეთ და დავედით იმ ნიშნულზე, როცა წესით გვპირდებოდნენ, რომ პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, უცებ გვეუბნებიან, რომ არა, მაინც არ გამოდის არაფერი. ვერ დაგეხმარებით ვერანაირადო. მახსოვს, გუნდს რომ ეს გამოვუცხადე, სრული შოკი იყო, სრული სიჩუმე”, — ჰყვება გაბუნია.

გაბუნიას თქმით, ზოგიერთმა ადამიანმა კრიზისს ვერ გაუძლო და სამსახურიდან წავიდა, თუმცა ზოგმა ისეთი პასუხისმგებლობები აიღო, რომელიც მათ საერთოდ არ ეხებოდათ.

“როდის ჩაგვაკვდებოდა ხელში ეს არხი, თვეების განმავლობაში არ ვიცოდით”, — დასძენს დირექტორი.

“ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად” — სარედაქციო პოლიტიკა

შუადღის ეთერში მიწვეულ გაბუნიას წამყვანებმა “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკაზეც ჰკითხეს. დირექტორის თქმით, ამ კუთხით “არამარტო კოსმეტიკურად, არამედ, ძირეულად შეიცვალა რაღაცები”.

გაბუნიამ ღიად ისაუბრა იმაზე, რომ “მთავარი არხის”გუნდი “ნაციონალური მოძრაობის” გავლენის ქვეშ იყო და როცა მათ გამოუცხადა, რომ აღარ მოუწევდათ ვიღაცების მითითებების შესრულება, “ნიუსრუმში იყო ტაში და ჟრიამული”. გაბუნიას არ დაუკონკრეტებია, როდის აუწყა ამის შესახებ თანამშრომლებს.

“ამ ადამიანებს [ჟურნალისტებს] ბევრი წლის განმავლობაში გარკვეულ სიტუაციაში და გარკვეულ მოცემულობაში უწევდათ მუშაობა და რთული იყო საკუთარ თავში ამ ყველაფრის გადაკეთება იმიტომ, რომ რეფლექსებად გაქვს ეს ყველაფერი ქცეული, რომ რაღაცნაირად შენს საქმეს კი არ აკეთებ… რატომღაც სულ დაკისრებული ჰქონდა ამ გუნდს ის, რომ ვიღაცის საქმეს აკეთებდა. რამდენიც არ უნდა გვეთქვა, რომ ასე არ არის, ყველა ხედავდა [ამას].

ასევე გასაგები იყო, რომ ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული და ახლა რაც შემიძლია, [არის ის, რომ] ძალიან დიდი სიამაყით და ბედნიერებით ვთქვა — “რუსთავი 2″-დან მოყოლებული ეს არ მომხდარა — რომ ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს ეს და დააფიქსიროს… არა, ნაცების ტელევიზია არ ვართ და ამას დიდი სიამაყით ვაცხადებ.

პირველად რომ გამოვაცხადე, რომ მორჩა, აღარ ვართ [ნაცების ტელევიზია], არ ხართ ვალდებული, ვინმეს მითითება გაითვალისწინოთ და თქვენ, ჟურნალისტები და წამყვანები როგორც ჩათვლით საჭიროდ, იმას გააშუქებთ-[მეთქი], ნიუსრუმში იყო ტაში და ჟრიამული, იმიტომ რომ ყველაზე კარგად იმ სიმძიმეს, როცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ ხარ, გრძნობენ ეს ადამიანები. ხომ ყველა ნაცებს ეძახდა ამათ, მათ შრის რუსთავი 2-ში. ამ დროს ყველაზე კარგად ზუსტად შენ იცი, როცა მუშაობ, ამ სისტემის მთელი სიმახინჯე”, — აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ამავე გადაცემაში გაბუნიამ მწვავედ გააკრიტიკა “ნაციონალური მოძრაობა” და დასძინა, რომ იმ სიტუაციაში, რომელშიც ახლა პარტია იმყოფება, მისი საქმის კეთების სურვილი არავის აქვს:

“მით უმეტეს ამ მოცემულობაში, რაც ნაცებს სჭირთ, რომ ცალ მხარეს არის მელიას მხარე —ვაი — და [მეორე მხარეს] ხაბეიშვილის მხარე — ვუი — არავის აქვს სურვილი, ვაი-ვუის საქმე აკეთოს. გააკეთონ თვითონ თავისი საქმე. მე გავაშუქებ, რასაც ისინი გააკეთებენ ან ვერ გააკეთებენ. უნდა მიხვდნენ, თავიანთი ადგილი სად არის”.

გაბუნიამ ისაუბრა როგორც პარტიის ყოფილ, ისე მოქმედ თავმჯდომარეზე. მისი სიტყვებით, ნიკა მელია “ვერ მიხვდა და დღემდე ვერ ხვდება”, რომ “მნიშვნელოვან როლს პოლიტიკაში ვეღარ შეასრულებს”.

“ის კაპიტალი, რაც [მელიას] ჰქონდა დაგროვილი, როცა პატიმრობაში იყო და როცა შარლ მიშელის და ევროპის მცდელობით გამოუშვეს, სრულიად ტყუილად გაფლანგა და ვეღარასდროს იქნება ის, რაც იყო. ამას ოდესმე მელია თუ მიხვდება, შეიძლება რაღაც შანსი ჰქონდეს, თუმცა ჩვენ გარეშე. ჩვენ, უბრალოდ, გავაშუქებთ…” — დაამატა გაბუნიამ.

მისივე სიტყვებით, ძალიან დიდი პრობლემები აქვს ლევან ხაბეიშვილსაც. “მთავარი არხის” დირექტორის თქმით, არ შეხვედრია არც ერთი ადამიანი, რომელსაც ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე მოსწონს:

“არავინ არ აპირებს ხმის მიცემას, ნეიტრალურიც კი არ შემხვედრია. მე ვისთანაც მქონია ოდესმე ურთიერთობა, ხაბეიშვილს, ძირითადად, არასერიოზულად აღიქვამენ და უარეს შემთხვევაში — დასცინიან… ძალიან ბევრი სამუშაო იმისათვის, რომ მოიპოვეს პატივისცემა და ადამიანების ხმები”.

“ორივე მხარე პარაზიტირებს მიშას თემით. მელიამ დაიჯერა, რომ რაღაც შეეძლო, არადა, სინამდვილეში, მიშასთან რომ იყო მიკედლებული, იმიტომ ჰქონდა ის ხმები… ახლა ეს მხარე პარაზიტირებს მიშათი. მიშაც რომ მიხვდეს, რომ პატიმრობაში უკეთესი იყო, ყველასთვის თავი დაენებებინა და თავისი თავი ხელახლა შეექმნა, უკეთესი იქნებოდა ყველასთვის”.

გიორგი გაბუნია შეეხო იმ ფაქტსაც, რომ ამჟამად “მთავარი არხის” ეთერში გადაცემა არ აქვს. როგორც თქვა, ეთერის დატოვებით ერთგვარი თვითცენზურა დაუწესა საკუთარ თავს.

“ეთერიდან ჩემი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ რაღაცნაირად თვითზცენზურა მქონდა ჩართული. რაღაცებს, რასაც ვფიქრობდი, არ ვამბობდი [იმ მიზეზით], რომ “საერთო პროცესი არ დავაზიანოთ, ოპოზიცია ისედაც რთულ ვითარებაშია და მოდი, ნუ დავარტყამთ…” ამ შელამაზებამ კარგი არაფერი მოიტანა.

…ხაბეიშვილი მაშინ არ იყო და არ ჰქონია ასე როლი, თორემ რაც ახლა მელიაზე ვთქვი, გგონიათ, მაშინ არ ვფიქრობდი?.. არ მომწონდა, რომ რაღაცნაირად მუდმივად მიწევდა ანგარიშის გაწევა რაღაც პროცესისადმი, რომელიც ჩვენი პროცესი არ იყო. როდესაც ჩვენ დაგვჭირდა რაღაც, ყველამ დაგვიკიდა”, — დაამატა მან.

“სრულიად სხვა ეტაპი დაიწყო”

გაბუნიას სიტყვებით, ნიკა გვარამიას შეწყალებამ და ციხიდან გათავისუფლებამ “ყველაფერი შეცვალა ემოციურადაც, საქმიანადაც და სრულიად სხვა ეტაპი დაიწყო”.

“ჩვენ, რაც მთავარია, ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ. მე ნიკას ერთ-ერთ წერილში პირობა მივეცი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ არც ციხეში გახდე ყოფილი მედიამენეჯერი და რომ გამოხვალ, მოქმედ მედიამენეჯერად გამოხვიდე მეთქი. ჩვენ ეს გავაკეთეთ.

ჩვენ ერთი ძალიან დიდი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული, რომ ნიკას ტელევიზია შევუნარჩუნეთ და შევინარჩუნეთ ჩვენთვის. ამის შემდეგ ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა. ხუმრობითაც აღარ ვიტყვი, რომ არ შემიძლია. მე მეამაყება თქვენთან და ამ ადამიანებთან მუშაობა”, — აღნიშნავს ტელეარხის დირექტორი.

გაბუნიას თქმით, ისურვებდა, რომ გუნდმა აღარ დაუშვას შეცდომა, რომელიც “მთავარი არხის” დაფუძნების მომენტში და შემდგომ პერიოდშიც დაიშვა:

“ვისურვებდი, რომ… არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც აქაც იყო დაფუძნების მომენტში, რომ “გავძლოთ 1 წელი და მერე უკვე მოვდივართ ხელისუფლებაში!” ან “მეორე წელი მაინც გავძლოთ — როცა პირველი წელი ვერ მოვედით — და მერე უკვე ჩვენ ვართ!” არა, ჩვენ არსად მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი როლი ეს არ არის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი