ახალი ამბები

გვარამიამ და კვესიტაძემ უპასუხეს გაბუნიას განცხადებას „მთავარის“ „ნაცმოძრაობის“ გავლენისგან გათავისუფლებაზე

6 სექტემბერი, 2023 • 5986
გვარამიამ და კვესიტაძემ უპასუხეს გაბუნიას განცხადებას „მთავარის“ „ნაცმოძრაობის“ გავლენისგან გათავისუფლებაზე

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ და არხის ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღევანდელ გადაცემაში უპასუხეს ამჟამინდელი დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებას, რომლის თქმითაც „მთავარი“ გათავისუფლდა „ნაცმოძრაობის“ გავლენისგან და აღარაა „ნაცების ტელევიზია“.

კვესიტაძემ გაბუნიას განცხადება „შეურაცხმყოფლად“ და საზიანოდ შეაფასა, თუმცაღა აღნიშნა, რომ ესმის, რისი თქმა სურდა არხის დირექტორს. კვესიტაძის თქმითვე, არხში არანაირი შიდა კონფლიქტი არ არის.

„არანაირი კონფლიქტი არ გვაქვს შიგნით, ეს შეთქმულების თეორიაც მინდა გავფანტო. მაგრამ, ყოველთვის შეგვიძლია ღიად, ეთერით გამოვხატოთ უკმაყოფილება. [..] ჩემი ღრმა რწმენით, [გაბუნიას განცხადებებმა] ზიანი მიაყენა ტელევიზიასა და თანამშრომლებს“, – თქვა მან.

გვარამიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ის დირექტორობისას და „ნაციონალური მოძრაობის“ 2017 წლის გაყოფამდე ამბობდა, რომ არხს აქვს პოლიტიკური პრეფერენციები, რაც ნორმალურიცაა, თუმცა უარყო, რომ ან „რუსთავი 2“, ან „მთავარი“, „რომელიმე პარტიის გაგრძელება“ იყო.

„რომ გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის ან სააკაშვილის პოზიციას არ ჰქონია გავლენა, ან სხვა დასავლური პარტიის, ან იმაზე ნაკლებად არ გვიკრიტიკებია, ვიდრე ხელისუფლებას გავაკრიტიკებდით იგივე შემთხვევაში, მოვიტყუები. არასდროს მიმტკიცებია, რომ ეს ასეა. შეიძლება შინაგანი ცენზურის პრობლემები მოჰყოლოდა? ალბათ, და ეს არ არის კარგი. მაგრამ ის, რომ რომელიღაც პარტიის გაგრძელება ვიყავით, არ ვყოფილვართ“, – თქვა მან.

გვარამიამ აგრეთვე აღნიშნა, რომ არ მოსწონებია გაბუნიას განცხადება არც არხზე და არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმედი გამოთქვა, რომ გაბუნიამ უბრალოდ არასწორად დააფორმულირა სათქმელი და ხაზი გაუსვა, რომ მის დაგმობას არ აპირებს.

„ჩემგან ტელევიზიის გათავისუფლების ამბავი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. იმედია გიორგიმ არასწორად გამოთქვა. ისე, ყველა ერთნაირად რომ იგებს გამონათქვამს, ცუდად მოახდინე ფორმულირება, თუ სხვა რამეს ფიქრობდი. გულწრფელად არ მომეწონა გიორგის განცხადება, არც მისი პოლიტიკური ნაწილი. თუმცა, მინდა ყველას კარგად ესმოდეს – ის არის დირექტორი, აქვს შეცდომების დაშვების შესაძლებლობა და მათი გამოსწორების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გვარამიამ.

„მთავარის“ ყოფილი დირექტორის თქმითვე, თანამდებობა მან იმიტომ დატოვა, რომ მისი მიზნები უფრო პოლიტიკური გახდა და გარედან კიდევ უფრო მიკერძოებულად აღიქმებოდა, ხოლო დღევანდელ გარემოებებში აღქმები ხშირად ფაქტებზე მნიშვნელოვანიცაა.

გვარამიამ ასევე უპასუხა თეორიას, თითქოს გაბუნიის განცხადებით მან ვინმეს „დაარტყა“: „[პოლიტიკაში მოსასვლელად] ველის გაწმენდა არ მჭირდება – ისე გაწმენდილია, მარათონს გაირბენ.

რა თქვა გაბუნიამ?

გუშინდელ, ოთხი სექტემბრის ეთერში გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ არხი იყო „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ და როცა თანამშრომლებს აუწყა, რომ ასე აღარ იქნებოდა და მათ აღარ მოუწევდათ ვიღაცების მითითებების შესრულება, „ნიუსრუმში იყო ტაში და ჟრიამული“. გაბუნიას არ დაუკონკრეტებია, როდის აუწყა ამის შესახებ თანამშრომლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი