ახალი ამბები

115-დან მინიმუმ 3 არ აპირებს, ცვლილებებს მხარი დაუჭიროს — კობერიძე

23 ივნისი, 2020 • 894
115-დან მინიმუმ 3 არ აპირებს, ცვლილებებს მხარი დაუჭიროს — კობერიძე

ლევან კობერიძის განცხადებით, პარლამენტის სხდომაზე შეკრებილი 115 დეპუტატიდან, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, მინიმუმ 3 პარლამენტარი არ აპირებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემის შესახებ მხარი დაუჭიროს.

„მინდა ხაზი გავუსვა — 115 დეპუტატი არის დარეგისტრირებული, მინიმუმ 3 ადამიანი, დანამდვილებით ვიცი, ვინც ხმის მიცემას არ აპირებს, ამ შემთხვევაში უმრავლესობის მხარეს როგორააა საქმე? მაინც შეგახსენებთ, იმედია, შემოგვესწრებიან, ვინმე თუა დაგვიანებული და ეს კანონპროექტი არ დადგება საფრთხის წინაშე“, — აღნიშნა კობერიძემ.

კობერიძის გამოსვლის შემდეგ, მას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ კენჭისყრა არ ჩატარდება, სანამ დარაბზში არ მივა ყველა დეპუტატი, ვინც შეიძლება იგვიანებდეს:

„გმადლობთ, ბატონო ლევან, თუ ვინმე არ არის, დაველოდებით და მხოლოდ მაშინ ჩავატარებთ კენჭისყრას, როცა ყველა იქნება დარბაზში და იქნება საკმარისი ხმები“, — დასძინა თალაკვაძემ.

დღეს პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენაზე უყრიან კენჭს. სხდომა უკვე დაიწყო, რეგისტრაცია 115-მა დეპუტატმა გაიარა.

მეორე მოსმენას არ ესწრებიან „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება ბოლომდე არ შეასრულა — არ გაათავისუფლა გიორგი რურუა და აქედან გამომდინარე, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენით ცვლილებებს მხარი დაუჭირა და მმართველ გუნდს მეორე მოსმენამდე რურუას გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.

ცვლილებების მისაღებად დეპუტატთა 113 ხმაა საჭირო. ცვლილებებს, „ქართული ოცნების“ თქმით, მხარს უჭერს მათი 93 დეპუტატიდან 92 — წინააღმდეგი კახა ოქრიაშვილია. ასევე, ცვლილებებს მხარს უჭერს დამოუკიდებელი დეპუტატების დიდი ნაწილი.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 სისტემით, ანუ, 120 დეპუტატი აირჩევა პროპორციული, პარტიული სიით, 30 კი მაჟორიტარული ოლქიდან.

პირველი მოსმენისას, მთლიანობაში სხდომას ესწრებოდა 142 დეპუტატი. აქედან 136-მა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, 5 (დავით ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე, ემზარ კვიციანი, ალექსანდრე ერქვანია, კახა ოქრიაშვილი) წინააღმდეგი იყო, ერთი (ნატო ჩხეიძე) კი ესწრებოდა კენჭისყრას, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია. პირველ მოსმენას არ დაესწრო „ნაციონალური მოძრაობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი