ახალი ამბები

“მივესალმები ამ შეთანხმებას” – რურუა საკონსტიტუციო ცვლილებებზე

22 ივნისი, 2020 • 1095
“მივესალმები ამ შეთანხმებას” – რურუა საკონსტიტუციო ცვლილებებზე

“მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა, რომლის პროცესიც დღეს თბილისი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.

რურუამ პროცესის დაწყებამდე განცხადების გაკეთების თხოვნით მოსამართლეს მიმართა. თუმცა მოსამართლე ვალრიან ბუგიანიშვილმა მას ვრცელი სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და განმარტა, რომ პოლიტიკური განცხადების ადგილი სასამართლო პროცესი არ არის.

რურუამ განმარტა, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მის საქმესთან კავშირშია, შემდეგ კი თქვა:

“მე მივესალმები ამ შეთანხმებას, იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მომავლისთვის. მიხარია,რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა წინ”, – თქვა რურუამ.


“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი