ახალი ამბები

მარგველაშვილი “ლელოსთან” და სხვა ახალ ძალებთან კონსულტაციებს ადასტურებს

20 ივნისი, 2020 • 1462
მარგველაშვილი “ლელოსთან” და სხვა ახალ ძალებთან კონსულტაციებს ადასტურებს

ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ უკვე არის პოლიტიკაში დაბრუნებული და ამჟამად ჩართულია იმ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაერთიანების პროცესში, რომლებსაც ის “ქართული ოცნებისა” და წინა ხელისუფლების ალტერნატივად მოიაზრებს.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის 2020-ის არჩევნებში მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს და ახსნა რა პროცესში მონაწილეობს ამჟამად:

“პოლიტიკაში ჩართული ვარ, ამ ეტაპზე ჩემი მიზანი არის, რომ პოლიტიკური სპექტრის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყოს… ის, რაზეც არის ქართული საზოაგდეობის შეკვეთა. ქართული საზოგადოების შეკვეთა არის ახალ ძალაზე, არა წინა ხელისუფლებაზე, არა იმის წინა ხელისუფლებაზე, არამედ ახალ ძალაზე. მე იმედი მაქვს, რომ ამ პოლიტიკური ძალების გაერთიანება მოხერხდება. მე დიდი ძალისხმევით ვარ ამაში ჩართული. ვცდილობ კონსულტაციებს ამ პოლიტიკურ ძალებთან, მათთან, რომლებსაც მე ალტერნატივად მოვიაზრებ”, – განაცხადა მარგველაშვილმა ტვ პირველთან.

მან დაადასტურა, რომ ამ ძალებს შორის არის “ლელო”. მარგველაშვილის თქმით, “ლელო” არამხოლოდ ახლოსაა მის ღირებულებებთან, არამედ ეს არის ძალა, რომელშიც მისი არაერთი ყოფილი თანამებრძოლია გაერთიანებული. მარგველაშვილი, სავარაუდოდ, გულისხმობს ანა ნაცვლიშვილს, კახა კოჟორიძეს, ფიქრია ჩიხრაძეს და ა.შ. ანუ ადამიანებს, რომლებიც მასთან ერთად მუშაობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი