ახალი ამბებიკომენტარი

20 ივნისს დაშავებულები – კობა ლეთოდიანის უსინათლობის ერთი წელი [ვიდეო]

19 ივნისი, 2020 • 4741
20 ივნისს დაშავებულები – კობა ლეთოდიანის უსინათლობის ერთი წელი [ვიდეო]

კობა ლეთოდიანმა ერთ თვალში მხედველობა აფხაზეთის ომში დაკარგა, მეორე თვალი კი 50 წლის ასაკში, გასულ წელს, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაუზიანდა, რის შედეგადაც ამ დროისთვის ვერც ერთი თვალიდან ხედავს.

როგორც მისი შვილი, ნათია ლეთოდიანი “ნეტგაზეთთან” საუბარისას ყვება, გასულ წელს დაზიანებულ თვალში კობას მხოლოდ შუქზე აქვს რეაქცია, რაც ნიშნავს, რომ მხედველობის გარკვეულწილად დაბრუნების შანსი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე ექიმები დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ.

როგორც ნათია “ნეტგაზეთს” უყვება, 20-21 ივნისის მოვლენებამდე კობა ლეთოდიანი მუშაობდა და აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო ერთი წელია განსაკუთრებული საჭიროებების გარდა სახლს არ ტოვებს.

ნათიას თქმით, კობა ლეთოდიანს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს, რადგან პროკურატურიდან ექიმის მიერ დამოწმებულ ბოლო დროის ცნობას ითხოვენ, რომ ის ნამდვილად ვერც ერთი თვალიდან ხედავს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მათ ექიმთან მისვლა აქამდე ვერ მაოხერხეს.

კობა ლეთოდიანმა ვიდეოს გადაღებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა. როგორც ნათია ამბობს, მას საკუთარ თავზე ლაპარაკი საჯაროდ არ სურს და თავისი ისტორიის გაზიარება შვილს მიანდო.

2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაშავდა 240-დე ადამიანი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, რამდენიმემ- მხედველობა. დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმაც და სამართალდამცველებმა.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნდათ და პროტესტს აგრძელებდნენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით. პერმანენტული აქციები რუსთველის გამზირზე თვეზე მეტხანს გრძელდებოდა.

ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და სრულად პროპორციული მოდელით ჩაატარებდა 2020-ის არჩევნებს, თუმცა “ოცნების” დეპუტატებმა ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ჩააგდეს, რასაც მოჰყვა მმართველი გუნდის კრიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ასევე აშშ-ს და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელი წრეებიდან, საბოლოოდ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ პროპორციულთან მიახლოებულ 120/30 მოდელზე, რომლის კენჭისყრაც ჯერ არ ყოფილა.

ამავე თემაზე

20 ივნისს დაშავებულები – დავით ქურდოვანიძე [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი