ახალი ამბები

ელჩები საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ შეთანხმების ყველა მხარეს მოუწოდებენ

19 ივნისი, 2020 • 1185
ელჩები საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ შეთანხმების ყველა მხარეს მოუწოდებენ

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორი ელჩები 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ მას.

ელჩები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება და, პარლამენტი ემზადება რა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ყველა მხარეს, 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ.

“ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რჩება აზრთა სხვაობა შეთანხმების ერთობლივი განცხადების ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებულ პირობას, რაც გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად, კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობის მოახლოებული არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დავაკვირდებით.

ამავდროულად, საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობის და ცვლილებების სრულად მიღებისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ცვლილებებისა და განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ელჩების თქმით, ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისკენ. ელჩები აცხადებენ, რომ გულწრფელად სჯერათ, ეს მიღწევები საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ინტერესებში შედის.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციულთან მიახლოებული სისტემით (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული). ოპოზიცია ამ დრომდე ამბობს, რომ კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას, თუ ხელისუფლება პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუას.  მხოლოდ “ქართულ ოცნებას” ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს და მას სჭირდება ოპოზიციის ან/და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმებიც.

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი