საზოგადოება

ბულგარეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

29 ნოემბერი, 2024 •
ბულგარეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

ბულგარეთში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი ამის შესახებ X-ზე წერს.

ელჩი აცხადებს, რომ 20 წელიწადზე მეტია დიპლომატიურ სამსახურშია და ამ პერიოდის განმავლობაში კოლეგებთან ერთად აქტიურად ცდილობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებასა და სტრატეგიულ პარტნიორებთან სოლიდური და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მისი თქმით, ამ მცდელობებს ძირი არ უნდა გამოეთხაროს არაფრის ფასად.

“#არა ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების გამოხატვის წინააღმდეგ! სრული სოლიდარობა”, – წერს დიპლომატი.

ოთარ ბერძენიშვილი ბულგარეთში ელჩად შარშან დაინიშნა. მანამდე კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე, ასევე, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამ განცხადებას ამ დროისთვის 110-ზე მეტი დიპლომატი უერთდება, რომელთა შორისაა რამდენიმე დესპანი და კონსულიც.

„ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია. დღევანდელი განცხადება 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით აღარ შეიქმნას“, — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, საგარეო უწყების თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას.

„დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე. ჩვენ, ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“, — ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი