ახალი ამბები

საქართველოს ჩინეთში, ისრაელში, იორდანიასა და ქუვეითში ახალი ელჩები ჰყავს

24 იანვარი, 2024 • 793
საქართველოს ჩინეთში, ისრაელში, იორდანიასა და ქუვეითში ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს ჩინეთში, ისრაელში, იორდანიასა და ქუვეითში ახალი ელჩები ჰყავს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პაატა კალანდაძე დაინიშნა. პაატა კალანდაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებსა და ისრაელის სახელმწიფოში. ჩინეთში დანიშვნამდე პაატა კალანდაძე იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩი.

ისრაელში საქართველოს ელჩის პოსტზე ლაშა ჟვანიას ზაზა კანდელაკი შეცვლის. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ზაზა კანდელაკს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, იყო საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის პარლამენტის წევრი, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, ასევე ეკავა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობები პოლონეთსა და უნგრეთში. ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბიასა და ერაყში ახალ ელჩად, თავის მხრივ, არჩილ ძულიაშვილი დაინიშნა. მანამდე ის იკავებდა ინდოეთში საქართველოს ელჩის პოზიციას და პარალელურად ფარავდა შემდეგ ქვეყნებს: ბანგლადეში, ტაილანდი ნეპალი, მალდივები, შრი ლანკა. ასევე იყო აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში (ESCAP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

ქუვეითში საქართველოს ელჩად ნოშრევან ლომთათიძე დაინიშნა.

ნოშრევან ლომთათიძეს 2021 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. იგი 2021 წლის ივნისიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

ახალდანიშნულ ელჩებს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი