ახალი ამბები

“სახელმწიფომ დაცვა შემომთავაზა” – სასამართლოში გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა

19 ივნისი, 2020 • 905
“სახელმწიფომ დაცვა შემომთავაზა” – სასამართლოში გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე დასრულდა “მთავარი არხის” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით.

გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა, მაგრამ ჟურნალისტმა ამ პროცესის გავლა მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

როგორც გიორგი გაბუნიამ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, გამომძიებლებს აინტერესებდათ, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა გიორგი გაბუნიას მასზე დაგეგმილ თავდასხმაზე. გაბუნიას თქმით, მან არ იცის საქმის კონკრეტული დეტალები, თუმცა დარწმუნებულია, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მითითებებით მოქმედებს.

გიორგი გაბუნიას თქმით, სამართალდამცავი უწყებებისგან მიიღო შეთავაზება დაცვის განსაკუთრებული ზომების მიღების, მათ შორის, სახელისა და გვარის შეცვლაზე. ჟურნალისტს სახელმწიფო დაცვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მას კერძო დაცვის სამსახური იცავს.

დღეს, 19 ივნისს,  თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე დაგეგმილია “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა.


15 ივნისს ფორმულამ და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ინფორმაციას, რომ  12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ მოქალაქეს ბრალს, მათ შორის, ედავებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტს, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა საუბარი გიორგი გაბუნიაზე.

გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი. კადიროვმა ტელეწამყვანს „ურჩია”, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე „მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.  ბლოგერმა კი გიორგი გაბუნია ბრძოლაში გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი